სიახლეები

69 Views
პოლიტიკა

#სირცხვილია-ს ორგანიზატორები 3 სექტემბერს დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის #სირცხვილია ორგანიზატორები და მონაწილეები, სამ სექტემბერს დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზაფხულის დასვენების შემდეგ, სწორედ ამ დღეს განაახლებს პარლამენტი მუშაობას და დღის 11:00 საათზე აქცია, საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელთან გაიმართება. 

"მოქალაქეებს არცერთი დღე არ დაგვისვენია ამ ზაფხულს. მოქალაქეებმა ეს ზაფხული გავატარეთ: პარლამენტის წინ, ბიძინას ბიზნეს-ცენტრთან, საოკუპაციო ხაზთან, პროკურატურასთან, მედიასთან, სასამართლოსთან, სასამართლოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ციხეში და ქვეყნის სამსახურში.

გელით ყველას პარლამენტის სამივე შესასვლელთან, სასტვენებით და ბანერებით. შევახსენოთ ვისთვის და რისთვის უნდა მუშაობდნენ სინამდვილეში" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ უკვე 70 დღეა რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ კი მიტინგის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრ გიორგი გახარიას მოთხოვნა გახდა. 

კომენტარები