სიახლეები

გირჩის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

2022 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი შეეხება „გირჩის“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. 

მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადი შემოსავლებთანაა დაკავშირებული.  თუ წელიწადში გაქვთ 40 ათას ლარამდე შემოსავალი - თქვენ არ იბეგრებით ქონების გადასახადით. თუ თქვენი შემოსავალი 40-100 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს, იბეგრებით ქონების ღირებულების 0.05% დან – 0.2%-მდე თანხით, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში - 0.8%-დან 1%-მდე.

ეს კანონი 2010 წელს არის მიღებული და მაშინ ლარს სხვა კურსი ჰქონდა. 2010 წლიდან დღემდე კი ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, გვაქვს ორნიშნა ინფლაცია. გამოდის, რომ ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ უფრო იბეგრებიან. ჩვენი კანონპროექტით,  ერთგვარად, კანონის 2010 წლის ვერსიის ლარის კურსთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება.

შესაბამისად, შემოთავაზებული კანონპროექტით აღარ დაიბეგრება 70 ათას ლარამდე შემოსავალი. ქონების ღირებულების 0.05% დან – 0.2%-მდე დაიბეგრებიან ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც  70 -175 ათასი ლარია წელიწადში. ხოლო ქონების ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე მხოლოდ ისინი, რომელთა შემოსავალიც ცდება 175 ათას ლარს. 

აღნიშნული კანონპროექტით მივიღებთ იმას, რომ დავაბრუნებთ 2010 წლისთვის არსებულ მდგომარეობას. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ იბეგრებიან, რომ ლარი გაუფასურდა, აღარ/უფრო ნაკლებად დაიბეგრებიან. 
 

Comments