სიახლეები

გირჩი მრავალპარტიული ტელევიზიის შექმნას აანონსებს

„გირჩი პარლამენტში“ ეთერში დღეს დაბრუნდა. გადაცემაში გირჩის პოლიტიკოსები აქტუალურ თემებს განიხილავენ.

ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა უკრაინის ამბების განხილვით დაიწყეს.

მათი თქმით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ უკრაინა ომს იგებს და ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავიდანვე დამარცხებულის მხარე აირჩია, რადგან არ სჯეროდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა.

მაინტერესებს, როდის შეიცვლება ქართული ოცნების რიტორიკა, მართლა ყირიმი რომ დაიბრუნოს უკრაინამ, ისევ იმავეს გააგრძელებენ?!

- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახოს თქმით, უკრაინელები ომს მოიგებენ, გირჩმა კი საკუთარ თავს უნდა მიხედოს, დაგეგმოს სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები - ევროკავშირთან ასოცირების საკითხი და 12 პუნქტიანი გეგმა, ეს ის საკითხებია, რომელთა შესრულებაც დაგვევალა, მაგრამ რატომღაც არ ვითვალისწინებთ.

მისივე აზრით, მნიშვნელოვანია, როგორ გაატარებს პარტია ამ ერთ წელს და როგორ მოემზადება მოსალოდნელი თუ მოულოდნელი არჩევნებისთვის.

ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი მედია საშუალების შექმნა, სადაც ვაჩვენებთ ჩვენ რა თემებზე ვიმსჯელებდით, შევძლებდით თუ არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ჩვენი სათქმელის მიტანას, ამიტომ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად მრავალპარტიული ტელევიზია შევქმნათ.

გვსურს, გადაცემებში სხვადასხვა ტიპის ადამიანები მოვიწვიოთ, ვისაც რაიმე ამბიცია აქვს პოლიტიკაში.

როგორც გავიგეთ, პირველი ასეთი ტიპის თანამშრომლობა პარტია „მოქალაქეებთან“ შედგება. მეგრელიშვილს იმედი აქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე სხვა საპარლამენტო პარტიებიც შემოუერთდებიან.

მიზანი განსხვავებული მედია საშუალების შექმნაა, რომელიც არ იქნება მიკერძოებული, სადაც არავინ დაიბლოკება და შესაძლებლობა მიეცემათ ჭეშმარიტად მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრონ.

„ამის მაგალითი იაგოს გადაცემა, „საქართველოს დაბადებაა“, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გირჩის და იაგოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.“

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა თემებია დღეს აქტუალური მედიასა თუ პარლამენტში, გირჩმა უნდა დაიწყოს პარტიისთვის მნიშვნელოვანი იდეების როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სხვა პარტიებისთვის გაცნობა.

იაგოს აზრით, პრობლემა ოპოზიციის დისკომუნიკაცია და, ზოგადად, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ინტერესის არქონაა, რაც ნათლად გამოჩნდა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშისა და ახალი კანონპროექტის (კრიპტო ბაზრის დარეგულირების შესახებ) განხილვის დროს.

ოპოზიციას კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, ისევე როგორც არცერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია ეს საკითხი.

როგორც პოლიტიკაშია პოლიტიკოსების დეფიციტი, ასევეა ჟურნალისტიკაშიც. რომ მოიძებნოს ჟურნალისტი, ვისაც მართლა აინტერესებს ინფლაცია და ეროვნული ბანკის საქმიანობის საკითხი, როგორც მინიმუმ, ამაზე ხომ ვინმე სიუჟეტს მაინც გააკეთებდა, უბრალოდ ეს არავის არ აინტერესებს. იგივე ხდება სხვა მნიშვნელოვან თემებზეც. ჟურნალისტები დღეს უბრალოდ დავალებებს ასრულებენ და იმის იქეთ არაფერი აინტერესებთ.

- თქვა სანდრომ.

პოლიტიკოსებმა, ასევე, კორონა ისტერიის პერიოდი გაიხსენეს. 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული გირჩი ერთადერთი პარტია იყო, რომელიც ყველა შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდიოდა, საზოგადოებაში შექმნილი აზრის გამო, ტელევიზიები, ფაქტობრივად, არ იწვევდნენ პოლიტიკოსებს ეთერებში.

გადაცემის ბოლოს გირჩის წევრებმა მაყურებელს მოუწოდეს დარეგისტრირდნენ საიტზე, მათთვის საინტერესო თემებს, Girchi.com-ზე გაეცნონ და მხარი დაუჭირონ კონკრეტულ პროექტს, იქნება ეს პეტიციაზე ხელის მოწერა თუ დაფინანსება. უახლოეს მომავალში კი საიტზე ბევრი საინტერესო სიახლის გაზიარება შემოგვთავაზეს.

გადაცემა, სტანდარტულად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათზე გავა. ასევე, „გირჩი პარლამენტში“-ს მსვლელობის დროს, შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ისინი გადაცემის ბოლოს უპასუხებენ.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments