სიახლეები

25 Views
ბლოგი

პოსტ ბლოგი N25 - იაგო ხვიჩია

რატომ არ მჯერა “ინტელექტუალური საკუთრების”

2005 წლის ზაფხულში 23 წლის ვარ და იურისტად ვმუშაობ “საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში” ჩემი მეგობრის შორენა კოპალეიშვილის რეკომენდაციით.

შორენაც ამ ორგანიზაციის იურისტი იყო.

ზაფხულში იმიტომ ვამბობ, რომ სულ სამი თვე გავატარე იქ, თუმცა უცნაურად საინტერესო სამი თვე.

ორგანიზაციის უფროსი ბატონი ელგუჯა შაფათავა გახლდათ, ბატონი ელგუჯა მარტივი ადამიანი არ იყო, ჩვენ განსხვავებული გემოვნების ხალხი ვართ, მაგრამ მე ვიცოდი მას რა ჭირდებოდა საქმეში და მარტივად გავუგეთ ერთმანეთს.

თავიდანვე ერთად დავდიოდით თითქმის ყველა საქმიან შეხვედრაზე, და იმის გამო, რომ თავადაც შესანიშნავად იცოდა “ინტელექტუალური საკუთრების” დაცვის კანონმდებლობა, ხვდებოდა, რომ მე მისთვის მომავალში საჭირო კადრი ვიყავი.

ამით იმის თქმა მინდა, რომ უფროსთან კონფლიქტის გამო არ წამოვსულვარ, პირიქით ბატონმა ელგუჯამ ყველაფერი გააკეთა ჩემ დასარჩენად, ხელფასის გაორმაგების შეთავაზების ჩათვლით.

თანამშრომლები - ფანტასტიკური ხალხი, მგონი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც საერთოდ ყველასთან ვმეგობრობდი.

ურთიერთობა მქონდა, სხვადასხვა სახის შემოქმედებთან, ავტორებთან, ნიჭიერ ხალხთან და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანის გაცნობაც მოვასწარი და ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი.

მერე ერთი უცნაური შემთხვევა მოხდა, რომელმაც ჩემი დამოკიდებულება შეცვალა მთლიანად იმ საქმის მიმართ, რასაც ვაკეთებდი და მივხვდი რომ უბრალოდ არ მინდოდა ამის კეთება, ყველა ზემოთქმული დადებითი ნაწილის მიუხედავად.

ბატონმა ელგუჯამ მთხოვა გავყოლოდი ერთ ერთ მორიგ შეხვედრაზე ერთ ერთ სასტუმროს მენეჯმენტთან, რათა შევთანხმებულიყავით საავტორო ჰონორარის ოდენობაზე, რადგან სასტუმრო თავის ბარში თუ ფოიეში მუსიკას ასმენინებდა სტუმრებს.

მანამდე რესტორნების ხალხთან შეხვედრაზე ვყოფილვარ, სადაც ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს ასრულებდნენ, ასევე სპორტის სასახლის და ფილარმონიის ხალხთან, ანუ გარკვეული გამოცდილება მქონდა ასეთი შეხვედრების და თან არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, ძირითადად ფასზე ვაჭრობა მიდის, ყველამ იცის, რომ რაღაც უნდა გადაიხადონ და ცდილობენ ცოტა მოუწიოთ.

ჩემი მაშინდელი დაკვირვებით ბატონი ელგუჯაც არ “გაღორებულა” არასოდეს.

სასტუმროში ვიზიტზეც იგივე რუტინის მოლოდინი მაქვს და უხალისოდ წავყევი, რადგან მე და შორენა ლანჩზე ვაპირებდით გასვლას და ვერ გავასწარით.

მივედით სასტუმროში და შეგვხვდა სასტუმროს მენეჯერი გოგო, ისეთი ლამაზი იყო მე და ბატონმა ელგუჯამ გაკვირვებით გადავხედეთ ერთმანეთს.

მერე მივხვდი, რომ ეს გოგო ადრე სადღაც ტელევიზიაში (თუ არ ვცდები მაესტროზე) მყავდა ნანახი, გამახსენდა, რომ მანდაც ძაან მომეწონა და რეალურად კიდევ უფრო ლამაზი იყო.

რა გინდათო გვკითხა.

ბატონმა ელგუჯამ აუხსნა ვინც ვიყავით და რაც გვინდოდა, რაზეც ამ გოგომ გვიპასუხა, რომ მე საერთოდ არ ვუკრავ ქართველი შემსრულებლების სიმღერებს - სტუმრებს მხოლოდ ინგლისურ სიმღერებს ვასმენინებთ, ძირითადად კი ბარი უაითსო.

მე წყნარად ვარ, ამათ ვუსმენ, თან ვხვდები, რომ ამ გოგოსთან უაზრო კაჩაობის ხასიათზე საერთოდ არ ვარ.

ბატონმა ელგუჯამ თავის საქაღალდე გახსნა და გააძრო კონტრაქტი, რომელიც დადებულია თუ არ ვცდები IBM -თან, რითაც ჩვენი ორგანიზაციაა წარმომადგენელი IBM -ის საქართველოში, ხოლო თავის მხრივ ბარი უაითის საავტორო უფლებებს იცავს IBM.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს ბარი უაითს უკრავთ თუ ქართულ შემსრულებელსო, მიუგო ბატონმა ელგუჯამ, ფული მაინც უნდა გადაიხადოთო.

მას არაფერი მოუტყუებია, ეს ყველაფერი მართლა ასეა აწყობილი.

ეს გოგო მოტრიალდა ჩემკენ და მეუბნება - ეს კაცი კაი მარა შენც ამ სისულელეს მეუბნები, რომ თქვენ უნდა გადაგიხადოთ ფული იმის გამო, რომ ჩემ სტუმრებს ბარი უაითს ვასმენინებ მაგნიტოფონშიო?

სამართლებრივად სწორი პასუხი “კი” იყო, ამის თქმა მევალებოდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა ჩემთვის ამის გაკეთება შეუძლებელი იყო (ამ გოგოს ფაქტორის უარყოფაც შეუძლებელია ამაში).

სიმწრით გავიცინე და ვუპასუხე - მე ახალი ვარ, ჯერ ვსწავლობ თქო.

კარგად იყავითო და დაგვემშვიდობა.

როგორც მიხვდით, ამის შემდეგ სამსახურიდან წამოვედი და დავიწყე ფიქრი თუ რატომ იყო ის გოგო მართალი.

მართალი რომ იყო ეგ ცხადი იყო.

პასუხი ამის მერე, მალე არ მიპოვია, მაგრამ საბოლოოდ ჩემი პროფესიის გავლით ვიპოვე.

არ შეიძლება აკრძალული იყოს ქმედება, თუნდაც ის რომელიმე დანაშაულს (ამ შემთხვევაში, ქურდობას) ჰგავდეს, თუ მთელი პოპულაცია ამას სჩადის, თან ისე რომ ვერც ხვდება და არც სინდისი ჰქეჯნის ამისთვის.

მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებდი იმის მიხედვით, მთელი ქვეყანა ქურდები ვიყავით, რადგან ყველას ვისაც კომპიუტერთან წვდომა გვქონდა avoe.ge და gol.ge ვიყავით შემჯდარი, არაფერს ვამბობ გატეხილ ვინდოუსზე და მის პროგრამებზე.

თუმცა ამ ამბის მერე მაინც წლები დამჭირდა ამის საბოლოოდ გასააზრებლად.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აბსურდულობა, ერთ ერთი ყველაზე რთულად გასაგები და გასააზრებელია - ამიტომაც არსებობს დღემდე.

ჩემი ისტორია დღეს პირველად მოვყევი, იქნება ვინმეს სხვანაირად დაანახოს ამბავი.

თუ ვერ დაგანახათ, ცოტა ხანში Alexander Rakviashvili სრულ მეცნიერულ ახსნა დასაბუთებასაც შემოგვაშველებს.

#კინოდაგვიბრუნეთბიჭო

იხ. პოსტი ფეისბუქზე.

Comments