სიახლეები

ომში ჩათრევასა და Credit Suisse -ზე

ის, რომ ბიძინა ივანიშვილს Credit suisse-თან პრობლემები აქვს, ჩვენ, უშუალოდ მისი ადვოკატისგან ამა წლის მაისში გავიგეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციის გავრცელება კონკრეტული მიზნის მისაღწევად დაიგეგმა. თუ თავდაპირველად ეს მიზანი ბუნდოვანი იყო, ახლა ის უკეთ ჩანს, და პირდაპირ კავშირშია „ომში ჩათრევასთან“, თუმცა, ქართული ოცნება ცდილობს საწინააღმდეგო წარმოაჩინოს.

24 თებერვალს, როცა რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, ივანიშვილმა „შუალედური“ პოზიციის დაკავება გადაწყვიტა. ერთი მხრივ, პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის საამებლად, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელი იყო, ხოლო, პრორუსული მსოფლმხედველობა („რუსეთი ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს“, „რუსეთს ჯერ არც დაუწყია“ და ა. შ.) აიძულებდა, რუსეთის „გარდაუვალი გამარჯვებისთვის“ მზადყოფნას. მისი გათვლით, საკმარისი იყო, სულ რამდენიმე დღით გაეწელა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, და ომიც დასრულდებოდა.

თუმცა, უკრაინელებმა რუსების ბლიცკრიგის გეგმა დაანგრიეს და ომის პირველი ეტაპი, ყველასთვის მოულოდნელად, სწრაფად და დამაჯერებლად მოიგეს. გასაგები გახდა, რომ ომი იწელება და „შუაშისტურ“ პოზიციას დიდხანს ვერ დაიჭერ. რეზოლუციების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება, ბუჩაში ჩასვლა — ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, ცხადია, ამ პირობებში, მოკავშირეს ბევრად მეტი მოეთხოვება. რა შეიძლება ყოფილიყო ეს, ნამდვილი დახმარება?

ცხადია, ომში ჩართვას არავინ გვთხოვდა. სუფთა ტაქტიკურად ამას არ გააჩნია განსაკუთრებული შინაარსი, მაგრამ, ჩვენს ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ასეთი სამხედრო ოპერაციის ჩატარების რესურსი რომც გააჩნდეს, ვერავინ დაიწყებს ომს მხოლოდ ერთპიროვნულად გაცემული ბრძანების საფუძველზე. ამისთვის მოსახლეობის მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც თავისით არ ჩნდება და მრავალთვიან მომზადებას საჭიროებს, მათ შორის იდეოლოგიურს. როგორც მინიმუმ, აშშ-სა და ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მსგავს დისკუსიებში ღია ჩართულობა იქნებოდა ამგვარი თხოვნის ნიშანი (და არა ცალკეული და პოლიტიკურად უმნიშვნელო უკრაინელი პოლიტიკოსების რამდენიმე ორაზროვანი მოწოდება). მსგავსი არაფერი მომხდარა, ხოლო ოფიციალური განცხადებები საწინააღმდეგო შინაარსის იყო, რაც სრულიად გამორიცხავს, „ომში ჩათრევის სცენარს“.

ბევრად უფრო რეალისტურია, და დიდად ამას არც არავინ მალავს, რომ რაღაც ეტაპზე საქართველოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა სთხოვეს. საიდუმლო არაა, რომ ზეთანამედროვე იარაღს უკრაინას არ აწვდიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ იარაღის ეფექტიანად გამოყენება, თუ სათანადო ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები არ არსებობს, შეუძლებელია. ამიტომ ჯერ ევროპაში და მერე მთელ დანარჩენ მსოფლიოში, უკრაინელებმა (ამერიკელებისა და ევროპელების დახმარებით), ძველი საბჭოთა იარაღის მოძიება დაიწყეს. ამ ნაწილში, შეუძლებელი იყო, რომ ჩვენთვის არ ეთხოვათ, ტანკების, ჰაუბიცების ან თუნდაც ტყვია-წამლის მიწოდება.

ცხადია, ვერცერთი ქართული ოცნების პოლიტიკოსი ასეთი დონის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება ივანიშვილის მისაღები გახდა (სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკის ელჩმა, ამაზეც ილაპარაკა ივანიშვილთან, მაგრამ არა იმ გაპიარებული შეხვედრისას. თუ ამ თემაზე საუბარი მართლა შედგა, ის უფრო გვიან უნდა მომხდარიყო, როცა ომი გაიწელა და უკრაინელებს იარაღის დეფიციტი გაუჩნდათ, ანუ აპრილ-მაისში).
აქ კი რუსეთის მიმართ შიში და „რუსეთი მაინც მოიგებს“ რწმუნებულება იმარჯვებს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უკრაინას არ ვეხმარებით, და საჭირო ხდება შიდა მოხმარებისთვის „გამართლების მოგონება“.

რით შეიძლება გავამართლოთ, რომ მეგობარს არ ვეხმარებით? სირცხვილს თუ შიში მოუგებს, ხოლო ყველაზე საშიში ამ სიტუაციაში, ომია. „ომი გინდა“ პროპაგანდის უალტერნატივო არჩევანი აღმოჩნდა. მითუმეტეს, რომ „იტალია გინდა“-მ მთავრობას პრაქტიკაში აჩვენა, რომ დაშინებული მოქალაქე განსაკუთრებულად კარგად მართვადი ხდება.
თუმცა, როგორ გინდა დაარწმუნო ადამიანი, რომ ვინმე ომში გვითრევს, თუ ამის სიმპტომიც კი არ არსებობს?

აქ ჩნდება Credit Suisse-ს ისტორიის გასაჯაროების საჭიროება. ამ ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. წინა წელი 2 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, ამ წელს უკვე მილიარდზე მეტი ზარალი აქვს. სიტუაცია იმდენად ცუდია, რომ ფინანსური კორპორაციის ხელმძღვანელიც კი გადააყენეს. ამ პირობებში, ბანკს ივანიშვილთან 600 მილიონის დაბრუნების ვალდებულება უჩნდება (პოტენციურად კი 2.6 მილიარდის). შეიძლება, რაც სავსებით ლოგიკურიც იქნებოდა, ხელმძღვანელებმა იურისტებს სთხოვეს, ყველა გზა ეპოვათ, თუ როგორ გადაევადებინათ ამ თანხის დაბრუნება. სხვა სიტყვებით, ფულის დაბრუნების გაჭიანურება „სანქციებთან“ კავშირში არაა, თუმცა პროპაგანდისტულად, საწინააღმდეგოს ჩვენება გახდა საჭირო.

სადღაც დაიწერა გეგმა:
1-ლი პუნქტი. ნელ-ნელა ვამბობთ, რომ აშშ-ს და ევროპას ომში ჩათრევა სურთ, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ ირიბი მითითებებით: „გარკვეული ძალები“... და ა. შ.
ღარიბაშვილის, კობახიძის და ოცნების სხვა წევრების განცხადებებს ყურადღებით რომ მოვუსმინოთ, ვნახავთ, თუ როგორ თამაშობენ ისინი სიტყვებით და რა პრიმიტულად წამოეგებიან ხოლმე ოპოზიციური ჟურნალისტები ასეთ თამაშს. მაგალითად, ოცნების დეპუტატი იტყვის „გარკვეული ძალები ევროპაში“, ოპოზიციური მედია თარგმნის ამას, როგორც „ევროპა“. გამოდის, ერთი მხრივ, უშუალოდ იმ დეპუტატს არაფერი უთქვამს კონკრეტული, მაგრამ მედიამ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა და უკვე ოპოზიციური ჟურნალისტების (და შემდეგ პოლიტიკოსების) მეშვეობით, „გარკვეული ძალები“ „ევროპელებად“ იქცნენ.

იქ, სადაც ოპოზიცია ვერ უმკლავდება თავის "როლს", მეორე ეშელონის ექსპერტები და ღიად პრორუსული ძალების წარმომადგენლები იღებენ ინიციატივას, თუმცა ცხადია, ბევრად დამაჯერებელია, როცა შენს პოზიციას შენივე ოპონენტი აჟღერებს და არა შენი მარიონეტები.

მე-2 პუნქტი. აქვე ვყვებით, თუ რა პრობლემები „უჩნდება“ ივანიშვილს, რასაც „ზეწოლით“ ვხსნით. ცხადია, ასეთი დიდი ბანკის კონტროლი „ნაცებს არ შეუძლიათ“ (მედია ამას თარგმნის, როგორც ამერიკელებზე მითითებას). ზეწოლა კი ჩვენი ქვეყნის ომში ჩასათრევად სჭირდებათ.

უკვე კარგად ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ ირიბ მითითებებს პირდაპირ შინაარსს მისცემენ და საწინააღმდეგოს მტკიცებას დაიწყებენ. ოპოზიციური მედიაც „ოცნების“ კონტრპროპაგანდას მიუდგება.
თუმცა, როცა მთელი მედია სივრცე ომში ჩათრევის გარჩევაზეა ფოკუსირებული (თუნდაც ამის უარყოფის მიზნით), ამომრჩეველს ეჭვი უჩნდება, რომ ეს შეიძლება სიმართლეც იყოს — „აბა, ტყუილად ამდენს ხომ არ ილაპარაკებდნენ?“ (ეს სუკ-ის პროპაგანდის ძველი და გამოცდილი მეთოდია). პარალელურად კი „ივანიშვილს“ ასანქცირებენ, თან რაღაც „პრინციპული პოზიციის გამო“. ოცნება ამბობს კიდეც, რომ „გარკვეული ძალები“ ომში გვითრევენ, ხოლო ოპოზიცია აკონკრეტებს, რომ საუბარი ევროპელებზეა.

ამ ეტაპისთვის სპექტაკლის ბოლო სცენა – „ამბოხებული“ დეპუტატებია. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ევროპას და აშშ-ს ომში ჩათრევა სურთ. კი, ეს ტყუილია, არც მათ აქვთ რაიმე მტკიცებულება, მაგრამ ტყუილი უკვე არ გამოიყურება დაუჯერებლად. „ტრიოს“ გამოყოფამ და ივანიშვილის მათთვის მხარდაჭერის გამოხატვამ (ტრიოს წერილზე პასუხი, პირველ რიგში, ამის დასტური იყო), ოცნების გუნდში იმ უმრავლესობას, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს, პარტიული პოზიციისადმი ყველა კითხვა გაუქრო და ტრიო კვარტეტადაც კი აქცია. რაც არ უნდა იყოს, დეპუტატებისაგან „ომზე საუბარი“ უფრო დამაჯერებელია.

საბოლოო ჯამში, ოპერაცია „ომი გინდათ“ წარმატებით მიმდინარეობს, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, როგორც ჩანს, ამ პროპაგანდის სჯერა და „შუაშისტური“ საგარეო პოლიტიკა იმდენად დამაზიანებელიც არაა, რამდენადაც შეიძლება აღმოჩენილიყო.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს ორკესტრი ამ ჩვენს ტიტანიკზე, მშვენივრად უკრავს.

Comments