სიახლეები

40 Views

პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილება - ოჯახის წევრებისთვის კომუნიკაციის საშუალების შესახებ

საქართველოს კანონი

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულები/მსჯავრდებულები ოჯახის წევრები არიან. „

  1. მე- 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 1პუნქტი : 

,,11. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ მსჯავრდებულებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად უფლება აქვთ ისარგებლონ ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით). 

  1. მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ  ბრალდებულს/მსჯავრდებულებს  შორის  სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  ბრალდებულები/მსჯავრდებულები ოჯახის წევრები არიან.’’

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი              სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

 დღეს მოქმედი კანონმდებლობით პატიმრებს სრულად აქვთ შეზღდული სხვა პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფ პატიმართან პირდაპირი კომუნიკაციასატელეფონო ზარის, წერილის გაგზავნისა და ვიდეო პაემანის უფლება, რის გამოც ბრალდებულ/მსჯავრდებულ ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, (ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“)[1] რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას. 

 ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები ოჯახის წევრებთან; განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ  ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან,  რათა მათ არ ეზღუდებოდეთ კომუნიკაციის უფლება, თუ ეს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის შეზღუდული. 

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

 მოქმედი პატიმრობის კოდექსი იმპერატიულად კრძალავს პატიმრის უფლებას გამოიყენოს კომუნიკაციის საშუალებები სხვა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთან დასაკავშირებლად, მაგალითად გააგზავნოს წერილი ან ისარგებლოს სატელეფონო ზარის უფლებით, ხოლო ვიდეოპაემანთან დაკავშირებით ამგვარი იმპერატიული აკრძალვა  კანონში არ გვაქვს, თუმცა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება N55 ადგენს ვიდეოპაემანის იმგვარ წესებს, რომლის შესრულება შეუძლებელია საპატიმროში მყოფი პირისთვის, კერძოდ,  მუხლი N3 -ის მე-12 პუნქტში აღნიშნულია : ,, ვიდეოპაემნის მსურველი პირი, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, პრობაციის ბიუროში საამისოდ გამოყოფილი ადგილიდან ამყარებს პირდაპირ, ვიზუალურ და ხმოვან კავშირს მსჯავრდებულთან.’’ კანონის მიღების აუცილებლობის საკითხი მნიშვნელოვანია ვინაიდან დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არ აძლევს პატიმარს უფლებას კომუნიკაცია ჰქონდეს  ოჯახის წევრთან, რომელიც  სხვა საპატიმროში იხდის სასჯელს. 

 არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც მსჯავრდებული ოჯახის წევრები  მოთავსებულინი არიან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, ამ შეზღუდვის გამო  მეუღლეებს, მშობლებს და შვილებს წლების მანძილზე არ აქვთ ერთმანეთის ნახვისა და ერთმანეთის ხმის მოსმენის შესაძლებლობა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. 

 ევროპული ციხის წესები [2] (European Prison Rules) უზრუნველყოფს კონტინენტის მასშტაბით დაკავებული ადამიანების უფლებების დაცვას,  რომლის დირექტივით თავისუფლება აღკვეთილ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შეუნარჩნდეს კონტაქტი გარესამყაროსთან, რამდენადაც ეს შესაძლებელი არის ციხის პირობებებში და თუ ასეთი პირობები არ არის, ციხის ადმინისტრაციამ უნდა შეეცადოს შექმნას სათანადო გარემოპირობები. 

ციხის წესებში აღნიშნულია, რომ პატიმრობისას გარე სამყაროსთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  99 -ე მუხლის განმარტებითი ნაწილი ცხადყოფს, რომ  პატიმრისათვის კონტაქტის შეზღუდვა უნდა მოხდეს მაქსიმალურად ფრთხილად სხვა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ამგვარი საფრთხეები წერილის გაგზავნის, ვიდეოპაემანის და სატელეფონო ზარის დროს დაზღვეულია იმით რომ   ციხის ზედამხედველებს აქვთ  კონტროლის განახორციელების მექანიზმები, თუმცა ამგვარი კონტორლის შესახებ პატიმარი წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული, აღნიშნულიდან გამომდინარე ევროპული ციხის წესები  შესაძლებელს ხდის პატიმარს ჰქონდეს უფლება ისარგებლოს გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლებით მაქსიმალურად. 

ევროპული ციხის წესები არ ადგენს კონკრეტულ პირთა წრეს ვისთან შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაცია პატიმარს, თუმცა ცალსახად გამოჰყოფს ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას და ჩვენი კანონპროექტის მიზნებისათვის მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს : 

კონსტიტუციური უფლება ოჯახისა და პირადი ცხოვრების ხეშეუხებლობასთან დაკავშირებით, განხილულია ევროპის ციხის წესებში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ოჯახი ფართოდ უნდა იქნეს განმარტებული, ისე რომ ეს მოიცავდეს კონტაქტს ადამიანებთან, ვისთანაც პატიმარს აქვს ოჯახის წევრებისათვის დამახასიათებელი ურთიერთობა, მაშინაც კი თუ ურთიერთობა არ არის ოფიციალური. ‘’[3]

24.5 წესი  პოზიტიურ ვალდებულებას აკისრებს ციხის ხელმძღვანელობას, ხელი შეუწყონ პატიმრების გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. იმის წარმოსაჩენად თუ რამდენად ლიბერალურია ევროპული კანონმდებლობა პატიმრების მიმართ, კარგ მაგალითს წარმოადგენს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჰუმანური მიზნებისათვის პატიმარი დროებით შეიძლება რომ პენიტენციალურ დაწესებულებასაც ტოვებდეს, მაგალითად, ახლო ნათესავის დაკრძალვისათვს ან/და შვილის შეძენისას, სადაც არ არსებობს პატიმრის გაქევის რისკი (პლოსკი პოლონეთის წინააღმდეგ N 26761/95, გადაწყვეტილება 12/11/2002).

 სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მიზნების მისაღწევად თავისუფლების აღკვეთაც საკმარისია და დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა მსჯავრდებულთა შორის დისტანციური კომუნიკაციის აკრძალვა, არის არა სასჯელის მიზნების განსახორციელებლად მიმართული ქმედება, არამედ თავად რესოციალიზაციის მიზის საწინააღმდეგო აკრძალვა, ვინაიდან წარმოუდგენელია ამგავრი მიზნის განხორციელება იმ პირობებში, როცა ოჯახის წევრებს, შესაძლოა წლების განმავლობაში არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება. 

 ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ქართული კანონმდებლობა მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში, გათვალისწინებულ იქნეს ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესები და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მიეცეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, როგორც წერილობითი კორესპოდენციის, ასევე  სატელეფონო საუბრისა და ვიდეოპაემნის მეშვეობით.

  ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 კანონპროექტის მიღების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე  განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან.

 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 

 პატიმრების შესახებ კანონი საბჭოთა კავშირის დროს პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობის რეჟიმის გაგრძელებაა, რომელიც შეუსაბამოა იმ ქვეყნების მაგალითისთვის, რომელიც იბრძვის დასავლური ღირებულებებისათვის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად. ჰუმანურობასა და ღირსებით მოპყრობას მაშინ აქვს ფასი, როცა მას საჭირო ადამიანებისთვის, საჭირო დროსა და ადგილას ვიყენებთ, თავისუფლება შეზღუდული ადამიანისთვის თითოეული უფლების რეალიზება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.  საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად შემოდის წერილები პენიტენციალური დაწესებულებაშ მყოფი ადამიანების სახელით, რომლებიც იბრძვიან დარჩენილი უფლებების და მწირი თავისუფლებების მოსაპოვებლად, ამრიგად, კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში, მე171 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში.

 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას, [4] აღნიშნული უფლების შესაძლო დარღვევაზე არაერთხელ უმსჯელია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (ECHR), საქმეში KUČERA v. SLOVAKIA წინააღმდეგ სასამართომ დარღვევა დაადგინა, როცა ხელისუფლება უფლებას არ აძლევდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს შეხვედროდა მეუღლეს, რომელიც  თავისუფალი იყო, თუმცა სამართალდამცველებს ჰქონდა ეჭვი რომ ბრალდებულის საკუთარ მეუღლესთან კომუნიკაცია გამოიწვევდა მოწმეთა დაშინებას.

 სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის თავისუფლების აღკვეთა თავისთავად წარმოადგენს პირად და ოჯახური ცხოვრების თანდაყოლილ შეზღუდვებს, თუმცა ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს პატიმარს კონტაქტი შეინარჩუნოს ოჯახთან და ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც უზღუდავს პატიმარს ოჯახის წევრთან ჰქონდეს კომუნიკაცია უნდა ემსახურებოდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს  (ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.) და გარდა ამისა, უნდა იყოს გამართლებული როგორც ,,აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის’’.  ცნება ,,აუცილებლობა’’ მე-8 მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს, რომ ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს მწვავე სოციალურ საჭიროებებს და უნდა იყოს პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მიმართ.  შეფასებისას, იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი“ ხელისუფლებამ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მტკიცებულება მწვავე სოციუალური საჭიროებისა.[5] ზემოთ აღნიშნულ საქმეში ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინას სათანადო მტკიცებულება თუ რატომ უნდა შეზღუდულიყო მეუღლეებს შორის კომუნიკაცია, მაშინაც კი როცა  ერთი მხარე ბრალდებული არის და გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. 

იმისათვის რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებადა ევროპულ კონვენციას და საქართველოს კონტიტუციას, უნდა განხორხიელდეს კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებები. 

 მე-16 მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს უფლება მიეცემათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნონ წერილები პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებთან/  მსჯავრდებულებთან.

 მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსის მე-171 მუხლის პირველი ნაწილის დღეს მოქმედი რედაქციით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა შორის ვიდეოპაემანის განხორციელება აკრძალული არ არის, მსჯავრდებულებს არ აქვთ ერთმანეთს შორის ვიდეოპაემანის განხორციელების შესაძლებლობა, რადგან

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესისის“ მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი შეუძლებელს ხდის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებუთა შორის ვიდეოპაემანის განხორციელებას. 

 კერძოდ ამ ნორმის თანახმად „ვიდეოპაემნის მსურველი პირი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, პრობაციის ბიუროში საამისოდ გამოყოფილი ადგილიდან ამყარებს პირდაპირ, ვიზუალურ და ხმოვან კავშირს მსჯავრდებულთან“.  აღნიშნული პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და ხელყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კანონით დადგენილ უფლებას განახორციელოს ვიდეოპაემანი ნებისმიერ პირთან, მათ შორის სხვა მსჯავრდებულთან. მე-171 მუხლში  დამატებული პუნქტის საშუალებით, მკაფიოდ და სხვაგვარი ინტერპრეტაციის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე იქნება განსაზღვრული  მსჯავრდებულის უფლება განახორციელოს ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ  მსჯავრდებულთან.

 მე-19 მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილების თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სატელეფონო საუბრის უფლება მიეცემა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.

 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. 

 ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. 

 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

ასეთი არ არსებობს

 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.

 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

 კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: 

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 

 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 

 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

 ევროკავშირის ქვეყნები პატივს სცემენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას Rec(2006)2  წევრი სახელმწიფოებისადმი, ევროპულ ციხის წესებთან დაკვშირებით და ნორმატიულ აქტებში არ კრძალავენ პატიმრებს შორის არც წერილობით კორესპოდენციას და არც სატელეფონო/ვიდეო საუბარს. 

ევროპის ქვეყნების ნორმატიულ აქტებში, სადაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებები არის დადგენილი  ბრალდებული და მსჯავრდებული განიხილება საერთო ცნების „პატიმრის“ ქვეშ და მათ მინიჭებული აქვთ თანაბარი უფლებები. 

 პატიმრობისა და სასჯელის აღსრულების შესახებ გერმანიის შესაბამისი ნორმატიული  აქტის 28-ე მუხლის თანახმად პატიმარს (ანუ მსჯავრდებულსაც და ბრალდებულსაც)  უფლება აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაგზავნოს და მიიღოს წერილები. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საფრთხე ექმნება უსაფრთხოებას ან წესრიგს.  ამავე აქტის 32-ე მუხლის თანახმად კი პატიმარს ეძლევა სატელეფონო საუბრის უფლება. საქართველოს პატიმრობის კოდექსისგან განსხვავებით აქ  არ არსებობს დათქმა პატიმრებს შორის სატელეფონო საუბრის აკრძალვის შესახებ. ( http://www.gesetze-im-internet.de/englisch_stvollzg/englisch_stvollzg.html#p0156 )

 ნორვეგიაშიც, ბრალდებული და მსჯავრდებული მოიხსენიება, როგორც პატიმარი. ნორვეგიის სასჯელაღსრულების აქტის 30-ე მუხლის თანახმად პატიმრებს შეუძლიათ გაგზავნონ და მიიღონ ფოსტა, თუ ამ დებულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთივე დათქმაა ტელეფონით საუბართან დაკავშირებითაც, კერძოდ  32-ე მუხლის თანახმად პატიმრებს შეუძლიათ გამოიყენონ ტელეფონები, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოსგან განსხვავებით აქაც არ არის დადგენილი პატიმრებს შორის წერილობითი კორესპოდენციისა და სატელეფონო საუბრის აკძალვა.  ( https://lovdata.no/dokument/NLE/lov/2001-05-18-21 )

 ლატვიის სასჯელარსრულების კოდექსის (რომელიც მხოლოდ მსჯავრდებულთა უფლებამოვალეობებსა და სასჯელის არსრულების წესებს ადგენს) 49-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულებს შეუძლიათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები და დეპეშები შეუზღუდავად. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პატიმრებს შორის წერილობით კორესპოდენცია შეიძლება შეიზრუდოს მხოლოდ მაშინ, თუ მიმოწერის მიზანია ინფორმაციის გაცვლა პატიმართა შორის, რომლებმაც ერთობლივად ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. 

 ეს მუხლის აწესრიგებს ასევე სატელეფონო საუბრის საკითხს: მსჯავრდებულებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ან ადრესატის ხარჯზე სატელეფონო საუბრების ისეთი რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი ტიპის ციხეში და შეესაბამება სასჯელის მოხდის რეჟიმის დონეს. 

როგორც ვხედავთ აქაც არ არის აკრძალული მსჯავრდებულთა შორის წერილობითი კორესპოდენცია და სატელეფონო საუბარი.

( https://likumi.lv/ta/en/en/id/90218-the-sentence-execution-code-of-latvia )

 ცხადია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნორმატიული აქტები შესაბამისობაშ მოდის ევროპულ ციხის წესებთან და პატიმართა უფლებების დაცვის სტანდარტებთან, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამის ნორმებზე.   

 ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2024 წელს აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას,  აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ევროპულ ციხის წესების შესაბამისი დებულებები და პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ იქნეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი წესები.

ე) კანონპროექტის ავტორი: 

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო. 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.

 

[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 11

[2] Council of Europe Publishing June 2006 

[3] European Prison Rules - Rule 24

[4] EUROPEAN CONVENTION ON HUMAN RIGHTS- ARTICLE 8

[5] Klamecki v. Poland (No. 2), No. 31583/96, § 144, 3 აპრილი 2003,

Comments