სიახლეები

79 Views
კანაფი

კანაფის კანონპროექტი - არ დაიჭირო

 საქართველოს კანონი

                                                     საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

     1. 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

    „7. ამ თავის მოქმედება არ ვრცლდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართის 82-ე-85-ე ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულ ნივთიერებებზე.“

    2. 2731 ამოღებული იქნეს. 

 მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                      სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებითი ბარათი

 

                                                      „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კანონპროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის პრინციპის ეროვნულ კანონმდებლობაში სრულად ასახვა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულება, კანაფის პროდუქტებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ციხეში მყოფი ადამიანების განთავისუფლება და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება.

კანაფის ჯგუფის ნივთიერებებზე  სისხლისამართლებრივი სასჯელის გაუქმების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელიც გამომდინარეობს როგორც საერთაშორისო პრაქტიკით ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან, თუმცა საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერი მხარე  საქართველო არის ხშირად სახელდება კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მკაცრი კონტროლის მიზეზად, ამიტომ განვმარტავთ კონვენციის მიზნებს:

 ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის შესახებ 1961 წლის კონვენციის მიზანი ნარკოტიკების არასწორად გამოყენების მიმართ საერთაშორისო, კოორდინირებული მოქმედებაა და არა ეროვნული კანონმდებლობის კონტროლი.

ამ კონვენციის 36-ე მუხლში ვეცნობით, ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობით გამოწვეულ ქმედებებს, რომლებიც ჩაითვლება დანაშაულად, თუ ჩადენილია საერთაშორისო მასშტაბით (When committed internationally). ეს სერიოზული დანაშაულები უნდა იყოს დასჯილი ადეკვატური სასჯელით კერძოდ, დაპატიმრებით ან თავისუფლების ჩამორთმევის სხვა გზებით. ასევე, ქვეყანას შეუძლია მოცემული სასჯელების ალტერნატივად ან სასჯელის დამატებით ზომად გამოიყენოს დამნაშავის მკურნალობა, სწავლება, მკურნალობის შემდგომი ზრუნვა, რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაცია. 

ამ მუხლის ბოლო პუნქტშვე აღნიშნულია, რომ ეს მუხლი არ ახდენს ზემოქმედებას ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე, თუ როგორ განსაზღვრავს, დევნის ან დასჯის ის ამ მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს (Nothing contained in this article shall affect the principle that the offences to which it refers shall be defined, prosecuted and punished in conformity with the domestic law of a party.) 

კონვენციას დაერთვის კომენტარები, რომელშიც ცხადად არის გამოკვეთილი, რომ მუხლი 36 არ არის სავალდებულო, თუ ქვეყნის კონსტიტუციაში სხვა რამ არის განსაზღვრული. აქვეა აღნიშნული, რომ შეუძლებელიც კი იქნებოდა საერთაშორისოდ მისაღები სადამსჯელო სისტემის შემოღება, ის რაც კულტურულად მისაღებია ერთი ქვეყნისთვის, მიუღებელია მეორესათვის, სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩანაწერი არ არის სავალდებულო და რეკომენდაციის ხასიათი აქვს. ხაზგასმულია, რომ სადამსჯელო ღონისძიებები და მათი სირბილე/სიმკაცრე სასურველი სოციალური შედეგის მისაღწევად გამოიყენება და ისინი ეროვნული საზოგადოების დონეზე განსხვავდებიან.

ასევე, განმარტებაში გამოკვეთილია რომ მუხლი შეესაბამება მხოლოდ საერთაშორისო მაშტაბით ჩადენილ დანაშაულებს. ქართულ ვარიანტში კი სიტყვა საერთაშორისო ამ მუხლიდან სრულიად გამქრალია. (Only those of the activities mentioned in paragraph 1 which are “committed internationally” fell within the scope of this paragraph, and consequently within that of the other provisions of article 36).

კომენტარებშივეა მოცემული, რომ სიტყვა „ფლობა“ არ გულისხმობს პირადი მოხმარებისათვის ფლობას და ხელმომწერმა ქვეყნებმა არ უნდა განიხილონ ფლობა პირადი მოხმარებისათვის „სერიოზულ“ დანაშაულად, რომელიც დაისჯება დაპატიმრებით ან თავისუფლების აღკვეთით. (As regards the view that the term “possession” in the context of paragraph 1 does not include possession for personal consumption, and that in any event Parties which do not share that view need not consider possession for personal consumption to be a “serious” offence punishable by imprisonment or other penalties of deprivation of liberty).

ზემოთ აღნიშულიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს საერთაშორისო ვალდებულება, კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებები იყოს იმგვარად რეგულირებული, რომ ამ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი  ქმედება იწვევდეს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და საწინააღმდეგოს დაშვება, რომელიც გაკეთებული არის ქართულ ენაზე თარგმნილ დოკუმენტში არ შეესაბამება სიმართლეს და  ეწინააღმდეგება კონვენციის მიზნებს.  

გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა კიდევ არსებობს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის არგუმენტი, რომლის მიხედვით ,,სახელმწიფო’’ ზრუნავს და იცავს ადამიანს საკუთარი თავისგან, მიიღოს გადაწყვეტილება რა არის მისთვის სასარგებლო თუ საზიანო, ამ არგუმენტის მიხედვით ადამიანების უმეტესობა მიდრეკილნი არიან არათანმიმდევრული გადაწყვეტილებებისა და ასოციალური ქცევისაკენ, ხოლო სახემწიფო ინსტრუმენტები, როგორიც არის, სისხლის სამართალის კანონი იცავს და სჯის ადამიანებს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობის აღებისათვის, ხოლო დასჯის ნაწილი არის დაშინების ინსტრუმენტი, რათა, სხვამ არ  გაიმეოროს იგივე ქმედება. ადამიანის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება და მას უნდა ემსახურებოდეს ყველა სხვა კონსტიტუციური უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ( 1/3/1282 ) პასუხი გასცა შეკითხვას ,,ყველაზე მძიმე შედეგების გამოწვევის შემთხვევაშიც კი, რამდენად გონივრულია, პირს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო?-  საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოკიდებული ხდება კონკრეტულ ნივთიერებაზე/საშუალებაზე, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუგებარი და გაუმართლებელია  არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი.  ‘’

ადამიანებს რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის  იდენტობის, არჩევნებში მონაწილეობის,  განვითარების,მიმოსვლის და სხვა უფლებების დაცვა გვჭირდება იმიტომ რომ ვიყოთ თავისუფლები. კანაფის ნივთიერებების გამოყენებისათვის სისხლისამართლებრივი სანქციით ჩვენი თავისუფლება იზღუდება დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზეზით,  კერძოდ, ჩვენ არ გვყავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის საჭირო სუბიექტი - დაზარალებული, ადამიანი ვინც ფიქრობს რომ მას მესამე პირის ქმედებით ზიანი მიადგა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი აღნიშნულ მიზანთან დაკავშირებით განმარტა :  ,,გაუმართლებელია პირისთვის  სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისთვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს. ‘’ 

კანონით სახელმწიფო ინსტიტუტები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სჯიან ადამიანებს განტვირთვისთვის განკუთვნილი ნივთიერების გამოყენებისათვის ეს კი  ადამიანის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და წარმოადგენს არაერთი კონსტიტუციური უფლების, მათ შორის არაადამიანური სასჯელის აკრძალვის, პირადი ცხოვრების და  ღირსების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, ამგვარი ჩარევისათვის  სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდებათ ჩარევის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც უნდა იყოს განჭვრეტადი და ერთადერთი საშუალება მიზნის მისაღწევად, თუმცა როგორ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა აჩვენა ამგვარი მიზანი არ დასახელებულა.

კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისგან გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხის თავიდან აცილებისთვის ადამიანების ციხეში ჩასმა, მათი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იწვევს, წარმოუდგენელია ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდეთ და ამავდროულად ამ ადამიანებს ციხეში ვაგზავნიდეთ და წლობით ვკეტავდეთ საკანში.  არაერთხელ განუმარტავთ საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულ ექსპერტებს (ზ.შენგელიას) და მსოფლიო წამყვან კვლევით ინსტიტუტებს, რომ კანაფისაგან მომდინარე ჯანმრთელობის პრობლემები, თამამად შეიძლება გაუთანაბრდეს ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებს და მეტიც, ალკოჰოლი ხშირად უფრო სახიფათოც კი არის ადამიანის ჯანმრთელობისთის ვიდრე კანაფი.

კანაფის დეკრიმინალიზაციას მოწინააღმდეგენი ხშირად ხაზს უსვამდნენ კანაფის ხელმისაწვდომობით გამოწვეულ პრობლემაზე, მათი აზრით კანაფი არის გზა უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებისკენ, თუმცა აღნიშნული მოსაზრება არ დასტურდება არცერთი საერთაშორისო კვლევით და მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულმა ვერცერთმა ექსპერტმა ვერ დაადასტურა კანაფსა და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებას შორის კავშირი, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ კი ექსპერტების თქმით, თამბაქო უნდა აიკრძალოს, რადგან კანაფის გამოყენებამდე ადამიანების უმრავლესობა თამბაქოს ეწევა. მეტიც, კვლევის თანახმად, 2012 წელს იაპონიაში, სადაც კანაფი არ იყო ხელმისაწვდომი, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების 83,2 %- ს კანაფი მოხმარებული არ ჰქონდათ.  ამ კვლევების საფუძველზე ფაქტებს მოკლებულია მოსაზრება რომ კანაფი ,, gateway drug’’-ს (,,კარიბჭის პრეპარატს’’) წარმოადგენს.

დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების ერთ-ერთი კომპეტენციაა, ამისათვის მუდმივად მიმდინარეობს კვლევები დანაშაულის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთხელ უმსჯელიათ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შედეგებზე, რამდენად იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი დანაშაულის წახალისებას. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩადენილ დანაშაულში ავტოსაგზაო შემთხვევები რაოდენობრივად ყველაზე მეტია, თუმცა 2015 წელს საქართველოში ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შალვა საღინაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოში 2014 წელს ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეშ ჩადენილი დანაშაული შეადგენდა თითქმის 6%-ს“. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოწმემ არ იცოდა, რამდენი იყო აქედან კანაფით თრობის ქვეშ ჩადენილი ქმედება.

კანადაში 2019 წლიდან კანაფის ყველა პროდუქტი ლეგალურია და მაღაზიაშია შესაძლებელი მათი შეძენა, თუმცა ამ წლების განმავლობაში ამ ქყეყნის უსაფრთხოებას ამ კუთხით პრობლემა არ შექმნია, მეტიც, მხოლოდ კვებეკში SQDC- მა , პროვინციის ოფიციალურმა მაღაზიამ 71 მილიონი დოლარი ღირებულების კანაფი გაყიდა და მთავრობაში გადასახადების სახით 29 მილიონი დოლარი გადაიხადა.  ლეგალიზაცია არის ერთადერთი ადეკვატური დასრულება ამ საკითხის, თუმა დეკრიმინალიზაცია არის უმნიშვნელოვანი პროცესია ადამიანების თავისუფლებად განვითარების და ღირსების აღდგენისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დანართი N1- ის 82-ე- 85-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას,  არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. ასეთი სასჯელი ვერც სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს და, შედეგად, სასჯელს გადააქცევს მიზნად. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც არაკონსტიტუციურია.

საბოლოოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დოქტრინების მიღმა, თავისუფლებას არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი, არ არსებობს ფასი, რომელიც აწონის ან სრულად ჩაანაცვლებს თავისუფლებას, ჩვენ კი ამის საპირწონედ ციხეში რამდენიმე ათეული ადამიანი გვყავს, რომელთა თავისუფლება არავის შეუფასებია, არავის დაუფასებია და  როცა სახელმწიფო სისტემა ამას ასეთი სახით აკეთებს, კონკრეტული ადამიანების სახელით შეგვიძლია ვთქვათ , რომ მათ  წლები, პროფესიები, ოცნებები, მიზნები, ოჯახები, მეგობრები და თავისუფლება წავართვით, ამ ცვლილებებს კი შეუძლიათ შეცვალონ ადამიანების მომავალი. 

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

ადამიანები კანაფის/კანაფის ჯგუფის ნივთიერებების მოხმარების, შეძენა, შენახვის, გასაღების, შემოტანის, გადატანის ფაქტის გამო ზიან ციხეში და იხდიან სასჯელს, რაც წარმოადგენს ადაიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევას.

 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღების შედეგად, ადამიანები განთავისუფლებიან ციხიდან, შეძლებენ მშვიდ ცხოვრებას და ექნებათ განვითარების საშუალება. 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავი, რომელიც აწესებს სასჯელს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დანართი N1- ის 82-ე- 85-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული კანაფის ჯგუფის ნივთიერებებისთვის და ამავე კოდექსის 273​1 მუხლი  რომელიც აწესებს სასჯელს მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა  ან/და გასაღებისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის  მე-12 მუხლს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რომლის თანახმად, პირის უფლებაა თავად გადაწყვიტოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები, ისევე როგორც საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება. დასახელებული უფლების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სასიკეთოა.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი სისხლის სამართლის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ძალით მიენიჭება უკუძალა.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

ასეთი არ არსებობ

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროეტქი გავლენას მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, სსკ-ის 2731 მუხლით და სსსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულებზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართის 82-ე-85-ე ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულ ნივთიერებებზე  გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა  გაუქმდება, შესაბამისი თანხები აღარ შევა ბიუჯეტში.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტი გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, გამოწვეული ცვლილება ციხიდან გაანთავისუფლება 84 მსჯავრდებული, 2731 მუხლით მსჯავრებულებიც მათი ნაწილია (49 კანაფის შეძენა/ შენახვისთვის) ; დღეს არსებული ინფორმაციით, თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი.  ამ კანონის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შემცირდება 1 011 780 ლარით.

სსსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულებზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართის 82-ე-85-ე ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულ ნივთიერებებზე პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის : 35 მსჯავრდებული

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველწლიური გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების კუთხით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი იხდის სასჯელს შესაბამისი მუხლების მიხედვით პენიტენციურ სისტემაში და რამდენი წელი ჰქონდათ დარჩენილი პენიტენციურ სისტემაში შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მსჯავრის მოსახდელად

რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისა , აღსრულების,  სასამართლოს პენიტენციური და სხვა ხარჯებს ამ მიმართლებით სახელმწიფოს აღარ მოუწევს შესაბამისი  ხარჯის გაწევა, რაც კიდევ უფრო ამცირებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს.  დეკრიმინალიზაცია არ გამოუწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. მისი აღსრულება მოხდება არებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის თანახმად  დაჯარიმებული არიან 2731 და XXXIII თავით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართის 82-ე-85-ე ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულ ნივთიერებებზე.“ ისინი თავისუფალი იქნებიან ჯარიმის გადახდისაგან, (ამ პირთა ზუსტი რაოდენობაზე ინფორმაცია გამოთხოვილია და მოწოდებულკ იქნება 2 კვირის ვადაში. ) 84 ადამიანი გამოვა ციხიდან და ჩაერთვება ეკონომიკურ საქმიანობაში.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

პორტუგალიაში 2000 წლის 29 ნოემბერს ქვეყანამ მიიღო კანონი 30/2000, რომლის მიხედვითაც 2001 წლის ივლისიდან, ნარკოტიკული ნივთიერებები კვლავ არალეგალური სტატუსის მქონენი არიან, თუმცა არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობა პერსონალური მოხმარებისათვის (საშუალოდ ერთი ადამიანისათვის 10 დღის სამყოფი მარაგი) ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება. ამ შემთხვევაში დასჯა მთავარი ამოცანაა არაა და მომხმარებელს ენიშნება შეხვედრა ადგილობრივ კომისიასთან, რომელშიც შედიან მოსამართლე, ექიმი და სოციალური მუშაკი. ისინი შეხვედრაზე აფასებენ მომხმარებლის სიტუაციას და გეგმავენ დამოკიდებულების განკურნებისა და რეაბილიტაციის გზებს. კომისიას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებები: გაფრთხილება, პროფესიული ლიცენზიის ჩამორთმევა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთება.  

2015 წლის 9 დეკემბერს ვენაში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტის პრეზიდენტმა განცხადებაში განიხილა პორტუგალიის შემთხვევა და აღნიშნა, რომ პორტუგალია არ არღვევს კონვენციის მოთხოვნებს, რადგან ქვეყანის საკანონმდებლო დონეზე ნარკოტიკული ნივთიერების მოპოვება და მოხმარება კვლავ დანაშაულია, სანქციად კი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად ადმინისტრაციული სასჯელია განსაზღვრული.  პრეზიდენტი ხაზს უსვამს პორტუგალიის მიდგომის წარმატებულობას და მას საუკეთესო პრაქტიკის მოდელად მოიაზრებს. აღნიშნავს, რომ ის სრულიად ექვემდებარება კონვენციის პრინციპებს, რომლის ცენტრშიც ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა, ხოლო, საკითხის ბალანსირებული მიდგომა, დაფუძნებული პროპორციულობის პრინციპსა და ადამიანის უფლებებზე, დადებით შედეგს იძლევა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

Comments