სიახლეები

რისი მიღწევა გვსურს კანაფის კანონპროექტით

  გირჩის მიზანია საქართველოში მცენარე კანაფის გამოყენების გამო ადამიანები აღარ ისჯებოდნენ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების აღკვეთით.

  იუსტიციის სამინისტრომ სადეპუტატო კითხვაზე გვიპასუხა, რომ დღეს საქართველოში 84 ადამიანი იხდის სასჯელს ციხეში მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულის გამო (სიმბოლურია, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ზუსტად 84-მა ადამიანმა დათესა კანაფი საჯაროდ, გირჩის ოფისში), ხოლო 311 პირობით მსჯავრდებულია.

 როგორ დავთესეთ კანაფი საჯაროდ, იხილეთ ამ ბმულზე.

  გირჩის წარმომადგენლებმა  უსამართლო წესრიგის დასასრულებლად პირველი კანონპროექტი შევიტანეთ. კანონპროექტის მიღება დაეხმარება უსამართლოდ დაჩაგრულ 395 ადამიანს, ვინც ისეთი „დანაშაულისთვის’’ იხდის სასჯელს, რომელიც 2018 წლის ივლისიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით - ადამიანის თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლებაა ანუ ლეგალურია. (გადაწყვეტილება N1/3/1282).

  ჩვენ ვთვლით, რომ სასურველ მიზანს მაშინ მივაღწიეთ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა. წესით, ეს ადამიანები უკვე გარეთ უნდა იყვნენ და თავისუფლად ცხოვრობდნენ, ამიტომ აუცილებლადაა დასასმელი შემდეგი კითხვა -
რატომ აქამდე არ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობაში ასახვა და რისთვის იხდიან ეს ადამიანები სასჯელს?

  კანაფის პროდუქტების გამოყენების გამო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა არასწორია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე[1].

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს[2] არგუმენტები:

  • საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის ნებაყოფლობით არჩევანს, მისი ცხოვრების წესს და არ ჩაერიოს მასში, თუკი იმავდროულად არ არსებობს სხვათა უფლებებისა და მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების რეალური ხელყოფის რისკი. მით უფრო გაუმართლებელი შეიძლება იყოს ჩარევა, როდესაც საქმე შეეხება საკუთარი თავისათვის ზიანის მიმყენებელი ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადებას.’’ - ანუ, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მარიხუანის მწეველ ადამიანს უფლება აქვს იყოს მწეველი და გაუმართლებელია ის ციხეში ჩასვა იმ მიზნით, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს.
     
  • „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“. - გამოდის, რომ ჩვენი დღევანდელი ნარკოპოლიტიკით პირდაპირ ვებრძვით ადამიანის პირად თავისუფლებას, ეს ქმედება კი  ეწინააღმდეგება თავისუფალი საზოგადოების პრინციპებს.
     
  • იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება მძიმე შედეგებს? - სასამართლომ გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინა მარიხუანის მოხმარების სფეროში თანამედროვე სამედიცინო კვლევები და შეფასებები, რომ მარიხუანის მოხმარებას არ გააჩნია იმდენად მავნე საზიანო ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც ეს წლების წინ აღიქმებოდა საზოგადოების მიერ და ეს გადაჭარბებული სტერეოტიპული წარმოდგენების შედეგია. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საერთაშორისო ტენდენცია და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება, სადაც განხორციელდა მარიხუანის დეკრიმინალიზება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ლეგალიზება. ამ გამოცდილებამ წარმოაჩინა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მეშვეობით მარიხუანის ლეგალურ
    ბრუნვაში მოქცევასაც კი არ მოჰყოლია რაიმე ნეგატიური, მით უფრო, დრამატული შედეგები მარუხუანის მოხმარების შემთხვევების გაზრდისა, ან საზოგადოების ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით
    .

     
  • მოპასუხე მხარის წარმოდგენილი არგუმენტით - მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ემსახურებოდა სხვა დანაშაულთა ჩადენის პრევენციას. თუმცა მათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ სათანადო ინფორმაცია და სარწმუნო კვლევები.
    ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

     
  • არის თუ არა მარიხუანის მოხმარება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ გახდე ნარკოდამოკიდებული? - საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ კანაფის პროდუქტის მოხმარება წარმოადგენს სხვა, უფრო მძიმე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ერთგვარ კარიბჭეს. საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი მეცნიერული კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ექიმ-ნარკოლოგებმა საილუსტრაციოდ დაასახელეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების 93% მის მიერ პირველად მოხმარებულ ნარკოტიკულ საშუალებად ასახელებს მარიხუანას, თუმცა, იგივე პირები აღნიშნავენ იმასაც, რომ მარიხუანის მოხმარების დაწყებამდე ისინი თამბაქოსა და ალკოჰოლსაც მოიხმარდნენ. ამრიგად, წარმოდგენილი კვლევებით არ დასტურდება პირდაპირი კავშირი მარიხუანისა და სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შორის. მეორე მხრივ, სასამართლო არ გამორიცხავს იმის ალბათობასაც, რომ მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადება, შესაძლოა, პირიქით, ხელს უწყობდეს მარიხუანის მომხმარებლის მიერ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას, ხოლო აღნიშნული ქმედების ლეგალიზებამ კი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეამციროს დასახელებული ტენდენცია. ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარების სამართალდარღვევად გამოცხადებით ხდება სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარიხუანის მოხმარების აკრძალვა არ წარმოადგენს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის გამოსადეგ საშუალებას.

 

  ზემოთ მითითებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ზოგადი, ბლანკეტური ხასიათის აკრძალვა წარმოადგენს ადამიანის პიროვნული ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას, და, ამდენად, არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში რაიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

  შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

  2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 30 ივლისის (N1/13/732, N1/3/1282) გადაწყვეტილებები.

 

   ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის ერთიანი კონვენცია:

  ხშირად, არსებული უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ასახსნელად, საერთაშორისო კონვენციის შესრულების ვალდებულება გვესმის. საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის - რა წერია კონვენციაში :

  • კონვენცია 60 წლის წინ შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, როგორც საზოგადოების დამოკიდებულება, ისე სამედიცინო მიდგომა მარიხუანაზე. დღეს, ჩვენ გაგვაჩნია კვლევები, რომელიც არ არსებობდა 60 წლის წინ,  გვაქვს მეტი ინფორმაცია და შესაბამისად, ძველი რწმენა-წარმოდგენები, რომელიც ამ კონვენციის შექმნისას არსებობდა, დღეს მოძველებული და არააქტუალურია.​​​​​​​​​​​​​​
  • 36-ე მუხლის ბოლო პუნქტ აღნიშნულია, რომ კონვენცია არ ახდენს ზემოქმედებას ქვეყნის შიდა კანონმდებლობაზე,. მუხლი 36 არ არის სავალდებულო და რეკომენდაციის ხასიათი აქვს.​​​​​​​​​​​​​​
  • კონვენციაში აღნიშნულია, რომ სიტყვაფლობაარ გულისხმობს პირადი მოხმარებისათვის ფლობას და ხელმომწერმა ქვეყნებმა პირადი მოხმარებისათვის ფლობა არ უნდა განიხილონ  „სერიოზულდანაშაულად, რომელიც დაისჯება დაპატიმრებით ან თავისუფლების აღკვეთით.
  • აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დანაშაულისთვის’’,  რომელსაც არ ჰყავს დაზარალებული, არავინ უნდა იხდიდეს სასჯელს ციხეში. ეს  ადამიანების ცხოვრების დანგრევა და მათთვის უბრალოდ წლობით თავისუფლების წართმევაა.

 

     საერთაშორისო გამოცდილება

  საერთაშორისო გამოცდილებით, ამ შემთხვევაში პორტუგალიის მაგალითით, არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობა ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება. ამ მიდგომით, ადამიანის დასჯა მთავარი ამოცანა არ არის. მომხმარებელს ენიშნება შეხვედრა ადგილობრივ კომისიასთან, (მოსამართლე, ექიმი და სოც. მუშაკი) ფასდება მისი სიტუაცია და გეგმება რეაბილიტაციის გზებ. კომისიას შეუძლია დამსჯელ ღონისძიებად გამოიყენოს გაფრთხილება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმის კეთება თუმცა, არა პატიმრობა.

  2015 წლის 9 დეკემბერს ვენაში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტის პრეზიდენტმა განიხილა პორტუგალიის მაგალით და აღნიშნა, რომ პორტუგალია არ არღვევს კონვენციის მოთხოვნებს, სანქციად კი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად ადმინისტრაციული სასჯელია განსაზღვრულიპრეზიდენტი მას საუკეთესო პრაქტიკის მოდელად მოიაზრებს, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა.

   

     კანადის პოლიტიკა კანაფის მიმართ:

  კანადაში 2018 წლის 17 ოქტომბრიდან კანაფი ლეგალურია. სრულწლოვანი ადამიანისთვის დასაშვებია:

  • საჯარო სივრცეში, 30 გრამი გამომშრალი კანაფის (ან იგივე წონა არა-გამომშრალი ფორმის) ფლობა.
  • 30 გრამამდე კანაფის გაზიარება სხვა ზრდასრულებისათვის.
  • გამომშრალი ან ნედლი კანაფის და კანაფის ზეთის შეძენა.
  • გაზარდოს მაქსიმ ოთხი ძირი კანაფი ერთ აცხოვრებელ სახლში.
  • დაამზადოს კანაფის პროდუქტები: საჭმელები და სასმელები.

  2019 წლიდან კი საკვებად გამოსაყენებელი კანაფის პროდუქტებისა და კონცენტრატების გაყიდვა გახდა ლეგალური.

  კანადაში 2018 წლიდან 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანაფის აქტი, რომლის მიზანია:

  • არასრულწლოვნებმა მარტივად ვერ იშოვონ კანაფი („ხელმისაწვლომობის შემცირებას“ ეძახიან) - შავი ბაზრის მოსპობა ხელს უწყობს ლეგალური ბიზნესის კანონიერ რეგულირებას, როგორც ეს ალკოჰოლის და თამბაქოს შემთხვევებში ხდება.
  • კრიმინალებისათვის შემოსავლის მიღებაში ხელშეშლა - ლეგალური პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ კანაფისგან მიღებული შემოსავალი არა შავ ბაზარზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში ჩაესხას. ამის მაგალითია, კანადა. მხოლოდ კვებეკში SQDC-მა (Safety, Quality, Delivery and Cost), პროვინციის ოფიციალურმა მაღაზიამ, 71 მილიონი დოლარის ღირებულების კანაფი გაყიდა და გადასახადების სახით 29 მილიონი დოლარი გადაიხადა.
  • საზოგადოების ჯანმრთელობისა და დაცულობის ხელშეწყობა   
  • კანაფის აქტიგანსაზღვრავს კანაფის რეკლამირებაზე შეზღუდვებს, რითიც არასრულწლოვნებში  მისი ხელმისაწვდომობის შემცირებას უზრუნველყოფს. არ შეიძლება კანაფის მიცემა, ან მიყიდვა 18 წელს მიუღწეველი ადამიანისათვის.
  • იკრძალება: პროდუქტები და ის შეფუთვები, რომლებიც მიმზიდველია არასრულწლოვნებისათვის, თვითმომსახურების აპარატებიდან კანაფის რეალიზაცია, კანაფის რეკლამირება (გარდა იმ ადგილებში, სადაც არასრულწლოვნები ვერ შეხვდებიან რეკლამას).
  •  აკრძალულია საზღვრის გადაკვეთისას ნებისმიერი რაოდენობის კანაფის ფლობა, თუნდაც, სამედიცინო მიზნებისთვის. განურჩევლად იმისა, ლეგალურია თუ დეკრიმინალიზებულია კანაფი იმ ქვეყანაში რომელშიც მიდიხართ, ან რომლიდანაც ბრუნდებით.
  • კანადის ჯანდაცვა კანაფის კულტივაციისათვის სხვადასხვა ტიპის ლიცენზიას გასცემს. მიკრო კულტივაციის ლიცენზიების მქონე მცირე ბიზნესებს კანადის ბაზრისათვის მაღალი ხარისხის მარიხუანის წარმოება შეუძლიათ.
  • გატარებული პოლიტიკის შედეგად 2020 წლისთვის ლეგალურ ბაზარზე დაახლოებით 60 მწარმოებელი შევიდა, გაიხსნა 1200 ლიცენზირებული კანაფის მაღაზია და კანადის ეკონომიკამ 8.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
  • 2018 წლის ოქტომბრამდე (სანამ კანონი შეიცვლებოდა) კანაფის გამო დაკავებულთა რიცხვი 26 402 ადამიანს შეადგენდა. 2019 წლის სტატისტიკის მიხედვით, ეს რიცხვი 46-მდე შემცირდა.

    არგენტინა

  2009 წლის 25 აგვისტოს არგენტინის საკონსტიტუციო სასამართლომ, ადამიანების დაპატიმრება მცენარე კანაფის გამო არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, რიკარდო ლორენცეტმა განაცხადა: „სახელმწიფოს არ შეუძლია დააწესოს მორალი და პერსონალური ქცევა ლეგალურია, სანამ ის არ წარმოადგენს აშკარა საფრთხეს“.

  არგენტინაში 2017 წლიდან ლეგალიზებულია სამედიცინო მარიხუანა.

     ჩეხეთი

  2010 წლიდან ჩეხებს 10 გრამამდე კანაფის ფლობისა და 5 ძირის მოყვანის უფლება აქვთ. სამედიცინო კანაფი ჩეხეთში 2013 წელს 81 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუშვეს.

  2021 წლის იანვარში ჩეხეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ლეგალურია 1,25 კგ გამომშრალი კანაფის ფლობა. ასევე, საჯარო სივრცეში 30 გრამამდე მარიხუანის ფლობა და იგივე რაოდენობის სხვა პირისთვის ჩუქება კანონიერია.

    ამერიკა

  პირველი შტატი, რომელმაც 1998 წელს სამედიცინო კანაფი ლეგალურად ცნო კალიფორნია იყო. დღეს, სამედიცინო მარიხუანა ამერიკის 37 შტატში ლეგალური. რაც შეეხება რეკრეაციულ მარიხუანას - 18 შტატში.

  კოლორადო პირველი შტატი იყო, რომელმაც 2000 წელს ლეგალური გახდა კანაფის გაზდა და მისი მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის. 2012 წელს კი არა-სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოხმარება ზრდასრულ (21+) მოსახლეობაში კანონიერად ცნო. 21 წელს ზემოთ პირებს უფლება აქვთ 12 ძირი კანაფი გაზარდონ.

  რაც შეეხება შეზღუდვებს, კანაფის მოხმარება და ფლობა აკრძალულია 21 წელს
მიუღწეველი პირებისათვის. სისხლის სამართლის დანაშაულია  მარიხუანის გაზიარება არასრულწლოვნებისთვის. ზრდასრულ პიროვნებებს მისი შეძენა შეუძლიათ მხოლოდ ლიცენზირებული მაღაზიებიდან, ერთჯერადად, არაუმეტეს 30 გრამისა. ასევე, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია გადასცეს სხვა ზრდასრულ60 გრამამდე მარიხუანა, თუმცა არ შეუძლია გაყიდვა.

  აღსანიშნავია 2013 წლის ზაფხულში გამოშვებული დოკუმენტური ფილმი სამედიცინო მარიხუანის შესახებ. ფილმში CBD-ით გამდიდრებული კანაფის ზეთის უპირატესობებია წარმოაჩენილი. ზეთი წარმატებით კურნავდა ეპილეფსიით გამოწვეულ შეტევებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე ხდება. ასობით ოჯახი, რომელთა უმეტესობასა მსგავსი დაავადების მქონე ბავშვები ჰყავდათ, საცხოვრებლად კოლორადოში გადავიდნენ. ისინი თავის თავსსამედიცინო დევნილებსუწოდებენ, რადგან კოლორადოს სამედიცინო კანაფი მათთვის ბოლო იმედიღა იყო.

გთავაზობთ "CNN" - ის მიერ 2013 წელს გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმს

  Cato Institute-ის ანგარიშის მიხედვით, კანაფის ინდუსტრიამ 2020 წელს ამერიკაში 77 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

  კოლორადოს შტატის ბიუჯეტში კანაფის ინდუსტრიიდან ყოველთვიურად დაახლოებით 20 000 000 დოლარი შედის, ხოლო კალიფორნიის ბიუჯეტში 50 000 000 დოლარამდე.

 2019 წლის მონაცემებით კოლორადოში კანაფის გაყიდვებმა 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, მთლიანად ამერიკაში კი 2020 წელს გაყიდვებმა 12,2 მილიარდი. წინასწარი დაანგარიშებით, 2024 წლისთვის ეს ციფრი 31,1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

 

  ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რომ შევაჯამოთ:

  • გვინდა, ჩვენი კანონპროექტით დავეხმაროთ იმ 395 უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის.
  • ჩვენი კანონპროექტით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პრაქტიკაში გატარება და მომავალშიც - ადამიანები მცენარე კანაფის გაზრდისა თუ შენახვის გამო ციხეში აღარ ჩაჯდებიან.
  • ვეცადეთ, არგუმენტირებულად და გასაგებად აგვეხსნა, რომ კანაფის მომხმარებლების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ციხეში ჩასმა, რაც საერთაშორისო კონვენციით მართლდება - ტყუილია.
  • საერთაშორისო გამოცდილების მოშველიებით ვეცადეთ, დაგვენახებინა, რამდენი დადებითი შედეგი მოუტანა მკაცრი ნარკოპოლიტიკის შეცვლამ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკას. არცერთ ქვეყანაში, სადაც მარიხუანა მრავალი წელია ლეგალურია, არ ფიქსირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუარესებისა თუ რაიმე სხვა სახის უარყოფითი შედეგები.

​​​​​​​შემოგვიერთდით https://www.legalize.ge/

იხილეთ კანონპროექტი https://www.girchi.com/ge/media/news/8227-girchis-sakanonmdeblo-initsiativa-kanapi

 

                                                                                                                                                                     ავტორი: რუსუდან აბუაშვილი

Comments