სიახლეები

395 Views
თავდაცვა

ზურა ჯაფარიძე: 21-ე საუკუნეში თავდაცვისთვის ჭკვიანი ხალხია საჭირო

21-ე საუკუნის თავდაცვა ის კი არ არის, რომ ბევრი კაცი წაიყვანო და ხმალი აქნევინო ან კალაშნიკოვი ასროლინო; დღევანდელი თავდაცვა ჭკვიანი ხალხია. ჭკვიანი ხალხი კი ჯდება ძვირი, ანუ ამაში ფული უნდა გადავიხადოთ. თუ მართლა კარგი თავდაცვის აწყობა გვინდა, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია კონკურენციაში უნდა იყოს საბანკო სექტორთან - საბანკო სექტორს დღეს საქართველოში ყველაზე ჭკვიანი ხალხი ჰყავს, იმათ უნდა წავართვათ და თავდაცვაში წავიყვანოთ.  

ზურაბ ჯაფარიძემ  ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტ ნინო ხაჩიძესთან თავისუფლებაზე, ჩვენს თავდაცვის სიტემასა და იმ ახალგაზრდებზე ისაუბრა, რომლებიც მათი სურვილის წინააღმდეგ მიყავთ ჯარში.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს არაფერს უნდა აიძულებდნენ, მათ აქვთ ისე ცხოვრების უფლება, როგორც თავად მიიჩნევენ საჭიროდ და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ერთწლიან სავალდებულო მონობაში მიყავდეს ისინი. მისი თქმით, საქართველოში განათლების სისტემა საბავშვო ბაღიდან დაწყებული, ფაქტობრივად, ანადგურებს ადამიანებს და სწორედ ამ სისტემის შესაცვლელად დაფუძნდა "გირჩის სკოლაც".

საკუთარი სახელმწიფო გაგდებს ისეთ ცხოვრებაში, რომელშიც არაფერია, არანაირი პერსპექტივა, ამიტომაც გარბიან ახალგაზრდები. ისინი რაციონალური ადამიანები არიან. ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ასეთი ქვეყანა მათი არ არის და გარბიან. ჩვენ ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ეს არის მათი ქვეყანა და მათ ეს ქვეყანა უნდა შეცვალონ. დღეს საქართველო საბჭოთა ქართველების ქვეყანაა, მაგრამ, როგორც კი მათი ქვეყანა გახდება, უფრო მეტად შეუყვარდებათ, არც არავინ გაიქცევა და ბევრად უფრო პატრიოტებიც იქნებიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, სამხედრო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი და ამ დროს კონკრეტული რაოდენობის გამართული ჯარი დაგვჭირდა, რა უნდა ქნას სახელმწიფომ, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ სფეროში მეტი თანხა უნდა გადავიხადოთ.

თუ ჩვენ თავის დაცვა გვინდა, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა იყოს მეტი და ამ ფულს რომ დავხარჯავთ, არ დაგვჭირდება, ვიღაცას ქეჩოში წავავლოთ ხელი და ძალით წავიყვანოთ ჯარში. სინამდვილეში, "გირჩი" ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს თავადაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას.
 

წყარო: ჟურნალი "თბილისელები"

Comments