სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გენდერული კვოტირება კონსტიტუციურად ცნო

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გენდერული კვოტირება კონსტიტუციურად ცნო. გთავაზობთ ამონარიდს გადაწყვეტილებიდან:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1526 („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

2. კონსტიტუციური სარჩელი №1526 („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ჩვენ დავუკავშირდით "გირჩის" იურისტს და პოლიტიკოსს ლევან ჯგერენაიას და ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე:

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ცუდი და სუსტი დასაბუთება დადო.

მან ერთის მხრივ ამომრჩევლებს უთხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება თვითონ გადაწყვიტონ ვინ უნდათ, რომ წარმოადგენდეს მათ პარლამენტში და ვინ უნდა საუბრობდეს მათი სახელით.

მეორეს მხრივ კი, პოლიტიკურ პარტიებს უთხრა, სწორიაო ის შეზღუდვა, რომელიც მათ სიის თავისუფლად ფორმირებას უკრძალავს.

საკონსტიტიციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს და კონკურენციას ხელს უშლის.

ასევე, სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოსგან მოითხოვს, განსაკუთრებული ზომები მიიღოს ქალების, როგორც სქესით ნიშნით "ჩაგრული" ადამიანების მიმართ, ამიტომ ქალთა კვოტირება გამართლებულიაო.

სხვა ჯგუფს, რომლებიც თავს ჩაგრულად თვლიან, მაგალითად ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს - როგორ ვაპირებთ, ამ ადამიანებს კვოტირებაზე უარი ვუთხრათ? ეს ერთგვარი ხვრელია თავისუფლებაში, რომელიც სულ უფრო და უფრო შეიძლება გაფართოვდეს.

თუ მათ იგივე უფლებას არ ვაძლევთ, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი როგორ უნდა იყოს დაცული? შეუძლებელია აქ, თანმიმდევრული იყოს სასამართლო და შემდგომში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ზოგადად, სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ადამიანების თავისუფლებისა და უფლებების სასარგებლოდ უნდა განმარტავდეს, საპირისპირო ქმედება იშვიათი გამონაკლისი უნდა იყოს და მაღალი სტანდარტის დასაბუთება უნდა ახლდეს და არა ისეთი, როგორიც კვოტირების საქმეზე ვნახეთ.

აქვე მინდა დავამატო, რომ ეს კრიტიკა არ ეხება იმ მოსამართლეებს, ვინც განსხვავებული აზრი დაწერა და თქვა, რომ ეს შეზღუდვა მთლიანად არაკონსტიტუციურია. 

                                                                                                                                   - გვითხრა ლევან ჯგერენაიამ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა. მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყვნენ. იხილეთ ბმული ამ ლინკზე.

სარჩელის არსებითი განხილვა 2 სექტემბერს გაიმართა. იხილეთ მეტი ამ ბმულზე.

                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments