სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და გვინდა, რომ ამისათვის გამოვიყენოთ ადამიანების ნებისმიერი თავშეყრა

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა პარტიის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში.

როგორც იცით, ხელისუფლების მიერ გუშინ, მოხდა რეგულაციების გამკაცრება და მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრა დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა.

ყველას ესმის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. დენდროლოგიურ პარკში თუ მოსულა ადამიანების ჭყლეტვაში ყოფნა-დღესაც რომ გაიაროთ იქ, ნახავთ რა ამბავიცაა. მსგავსი რაღაცეები თუ ხდება და ამაზე არანაირი განსაკუთრებული რეაქცია არ არსებობს და ახლა უცებ გადაწყვიტეს, რომ ქორწილები არ შეიძლება. მინიმუმ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ არსებობს მსგავსი ორმაგი სტანდარტები. 

                                                                                                                                                                - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

"გირჩი" ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში ვირუსის შეკავებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ყველაფერი არის რაღაც პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რისი მიზანიც მოსახლეობის ხელახლა დაზაფვრაა. 

ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც საარჩევნო რეჟიმში იმყოფება, მისწრებაა შეკრებაზე მისვლა და საუბარი. რაც საკმაოდ რთულად მისაღწევი ამბავია, რადგან ძირითადად მსგავსი ტიპის შეხვედრებს კოორდინატორები აორგანიზებენ, რაც დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული, რაც "გირჩს" არ გააჩნია.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანებთან საუბრის იდეალური შესაძლებლობაა, როდესაც მათ თავად აქვთ სურვილი შეკრების და ერთადერთი, რაც მათ ხელს უშლის, არის სახელმწიფო, რომელიც ეუბნება, რომ ერთი რამისთვის შეკრება არ შეიძლება, ხოლო მეორესთვის - შეიძლება. 

ახალი რეგულაციები არ ეხება პოლიტიკური ხასიათის შეკრებებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამიტომ "გირჩი"  მსურველებს სთავაზობს დააორგანიზონ ნებისმიერი ტიპის შეხვედრა და პარტია მას სააგიტაციო შეკრებად გადააქცევს, სადაც ჩვენი პოლიტიკოსები და წევრები იქნებიან და ისაუბრებენ მეტ თავისუფლებაზე და იმაზე, თუ რა სურს "გირჩს".

"დღის ამბების" წამყვანმა განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებებზე არსებობს რისკი იმისა, რომ სამართალდამცველები მოვლენ და ჩაშლიან ამ შეხვედრებს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და გვინდა, რომ ამისათვის გამოვიყენოთ ნებისმიერი ადამიანების თავშეყრა. თუ ამ ადამიანებისთვის ეს არის მისაღები, ჩვენთვის ეს არის მისწრება. თავზე თუ ხელს აიღებენ ცხადია, რომ ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ და სისტემა ისეთიაქ, რომ სამართალს ვერ იპოვი ამ ქვეყანაში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სამართალდამცველებს იქ არაფერი ესაქმებათ და საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლას ვერ გაბედავენ.

                                                                                                                                                                   - მიიჩნევს ჯაფარიძე. 

დამატებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments