სიახლეები

2237 Views

"შმაქსი" ბრძოლას აგრძელებს

შპს „შმაქსი“ (ს/კ 405356047) 2019 წლის 02 ოქტომბერს დარეგისტრირდა საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში. "შმაქსის" რეგისტრაციას წინ უძღვოდა ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ქალაქ თბილისის საკრებულოს 24-80 დადგენილება, რომლის მიხედვითაც ტაქსაობის საქმიანობის რეგულირება მოხდა.

შმაქსაობა არის საგანმანათლებო სერვისი, რომლის გასაწევადაც შპს „შმაქსსა“ და ავტომობილის მძღოლს შორის იდება „ხელშეკრულება შმაქსაობის შესახებ“. პირველი სადემონსტრაციო შმაქსაობა, თავად კომპანიის დამფუძვნებლებმა და თანამოაზრეებმა მოაწყვეს. რამოდენიმე დღეში შმაქსისტების რაოდენობა 50-ს გადასცდა. "გირჩის" ოფისში "შმაქსისტების" რეგისტრაცია გრძელდებოდა, რადგან შმაქსაობა არ წარმოადგენდა კანონით რეგულირებად საქმიანობას.

 ორი თვის განმავლობაში, მათი უმრავლესობა რამდენჯერმე გააჩერეს სამართალდამცავებმა, მაგრამ არ დაუჯარიმებიათ. სახელმწიფოს ცალსახა პოლიტიკით, კიდევ უფრო მეტი ნდობა გაჩნდა შმაქსაობის მსურველთათვის. რის გამოც შმაქსისტების რაოდენობა ბევრად გაიზარდა. შპს „შმაქსი“ იძულებული გახდა, რომ ქოლ-ცენტრი ჩამოეყალიბებინა, რათა მზარდი მოთხოვნის კოორდინირებას გამკლავებოდა.

18 ნოემბერს, საკრებულოს იმავე დადგენილებაში, რომლითაც ტაქსაობა რეგულირებადი გახდა ახალი ცვლილებები შევიდა, რომლის ბუნდოვანი შინაარსიც დღემდე გაუგებარია. როგორც კი, დადგენილება ძალაში შევიდა, 18-19  დეკემბერს თითქმის ყველა ქუჩაში მოძრავი შმაქსისტი გააჩერეს და დააჯარიმეს. დანარჩენებმა საქმიანობის დროებითი შეჩერება გადაწყვიტეს. ამ ცვლილების შესახებ არავის გამოუთქვამს მოსაზრება, არ გაუფრთხილებია შპს „შმაქსი“ ან/და მისი შმაქსისტები. აღსანიშნავია, რომ „შმაქსაობის შესახებ“ ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, პატრულს არასდროს მოუთხოვია ტაქსის ლიცენზია, რომლის არქონაც ტაქსაობის სანებართვო პირობების ცალსახა დარღვევაა ტაქსის მძროლისათვის.

შმაქსისტებმა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში (ზემდგომ ორგანოში) გაასაჩივრეს ჯარიმები და მოითხოვეს პოლიციელთა სამხრე ჩანაწერები, რათქმაუნდა უშედეგოდ. მივმართეთ სასამართლოს - თითქმის ყველა საქმეს (ყველა, რომელიც ამ დრომდე განხილულია) ერთი კონკრეტული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა უძღვებოდა. დღემდე განხილულია 25-მდე საქმე და ყველა მათგანზე ჯარიმა ძალაში დარჩა.

 

სასამართლოს წინაშე თავიდანვე დავაყენეთ, ზოგადად დადგენილების ჩანაწერის კონსტიტუციურობის საკითხი. მოსამართლემ თავი აარიდა ამ საკითხზე მსჯელობას და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა იმ შემთხვევაში, თუ ნორმის არაკონსტიტუციურობაში დარწმუნებოდა. ქართული მართლწესრიგის მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმ შემთხევაში, თუ ეჭვი გაუჩნდება ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აგდებულ და ზედაპირულ დამოკიდებულებაზე  საუბარიც კი ზედმეტია, ყოველგვარი მომზადებისა და არგუმენტაციის გარეშე მიგვითითებდნენ, რომ ეს იყო კანონის დარღვევა და კომპანიის მიზანი არა განათლების გავრცელება, არამედ ტაქსით სარგებლობა იყო, გეგონებოდა თავად განსაზღვრეს ის მიზანი, რაც იდეის ავტორმა შექმნა.

                                                                                -განაცხადა კომპანიის ოპერაციების მენეჯერმა როკო მწყერაშვილმა.

Პარალელურად კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჯაფარიძემ, სამჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით,  გაუგზავნა 10 სხვადასხვა ტიპის ნიშანი, რის მიხედვითაც პასუხს სთხოვდა ორგანოს რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ "შმაქსის" ნიშანი არ იქნებოდა თეთრი ან ყვითელი ფერის, არ იქნებოდა არცერთი ასო წარწერიდან "TAXI თბილისი", არ აინთებოდა არც წითლად, არც მწვანედ და არ იქნებოდა განთავსებული ავტომობილის სახურავზე.  აღიქმებოდა თუ, არა ის საპატრულო პოლიციის მიერ ტაქსის მაიდენტიფიცერებელ ნიშნად და დაექვემდებარებოდა თუ არა დაჯარიმებას.  ცხადია, ამაზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.


კორონას შემდეგ პროცესები განახლდა, ახალი მოსამართლე დაგვინიშნეს. ბოლო შმაქსის პროცესი 15 ივლისს გაიმართა, პროცესზე ყველაფერი გვქონდა იმისათვის, რომ მოგვეგო. ვიმსჯელეთ საკრებულოს დადგენილების არაკონსტიტუციურობაზე - მუხლის განჭვრეტადობის პრობლემაზე იმაზე, რომ დადგენილება "შმაქსის" არსებობასთან და ზრდასთან ერთად იცვლებოდა ისე, რომ საბოლოოდ დაჯარიმება მოეხერხებინათ. პოლიციის მიერ შექმნილ გაუგებრობაზეც ვისაუბრეთ: ორი თვე, რომ არ აჯარიმებდნენ, შმაქსების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა და შემდეგ ერთ დღეში 60 ადამიანი დააჯარიმეს.

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი ყველა დეტალით დაინტერესდა და განაცხადა, რომ სჯერა "შმაქსის" კომერციული იდეის, ლექციების ექსკლუზიურობის და განათლების უფლების, თუმცა უნდა შევამოწმო კანონს ხომ არ ეწინააღდეგებაო. ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქოში ეს საქმეც წავაგეთ, ისევე როგორც წინა 25.

საქალაქო სასამართლოს იმედად ყოფნას აზრი არ აქვს. რათქმაუნდა აპელაციასაც ვცდით და თუ შანსი მოგვეცემა უზენაესსაც. საკონსტიტუციოს სარჩელი უკვე მზად გვაქვს და უახლოეს პერიოდში მივმართავთ სასამართლოს. საბოლოო ჯამში მაინც "შმაქსის" სასარგებლოდ დასრულდება ეს ყველაფერი.

                                                                                                     - განაცხადა,  "შმაქსის" ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

 შმაქსაობა არის საგანმანათლებო სერვისი, რომლის გასაწევადაც შპს „შმაქსსა“ და ავტომობილის მძღოლს შორის იდება „ხელშეკრულება შმაქსაობის შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, მძღოლი წარმოადგენს განათლების გამავრცელებელ პირს. ვალდებულების შესასრულებლად კი, თითოეული შმაქსისტი აღჭურვილია აუდიო ლექციებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. შმაქსისტი ანაზღაურებას მოსწავლე-მგზავრისგან იღებს.

 "შმაქსის" იდეა კანონში დაწერესებულმა არაპროპორციულმა შეზღუდვამ წარმოშვა. შმაქსაობა, როგორც პროდუქტი დღეს ბორბლიანი სასწავლებელია, რომელიც აუდიო დისკების დახმარებით, მძღოლების მიერ ინფორმაციის გავრცელებას ეწევა. ნებისმიერი ახლადწარმოქმნილი პროდუქტის ბედი  მომავალშია. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ იმის შესახებ თუ, რა იქნება "შმაქსი" რამოდენიმე წლის შემდეგ და რა კომერციულ თუ საზოგადოებრივ სიკეთეს შექმნის იგი მომავალში.

Comments