სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: რადიკალური ნაბიჯები სწორი მიმართულებით არის გამოსავალი, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ კავკასიის" ეთერში ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა. მისი თქმით, მაისის თვის 13,5%-იანმა ეკონომიკურმა ვარდნამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ამ წლის ბოლოს მონაცემების დაჯამების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა მინუსში გავა.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ შემდეგი წლიდან შეიძლება გაჩნდეს შანსი, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. რისი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორიც ყველა ქვეყანასთან საზღვრების გახსნაა. იმ მოსაზრებას, რომ საზღვრების გახსნით, ვირუსმა შესაძლოა საქართველოში იფეთქოს ჯაფარიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ბევრად მაღალია ვიდრე ოფიციალური მონაცემებია და ამას თავად მთავრობის მიერ ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევებიც ადასტურებს. 

პანდემიასთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც შეაფერხებს ამ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ერთადერთი რესუსრი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია არის ბიძინა ივანიშვილის ფული,  რომელიც გამოყენებული იქნება წინა არჩევნების მსგავსი ხერხებით მაგალითად, როდესაც წინა არჩევნებისთვის მოსახლეობას ვალები ჩამოუწერეს. ასევე "ქართული ოცნება" ბიუჯეტზე მიბმულ ადამიანებს დააშინებს, რათა მათ ხმა მისცენ ხელისუფლებას. ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს რესურსი საკმარისი არ იქნება, თუ ოპოზიცია მკაფიოდ ჩამოაყალიბებს პოზიციას და აუხსნის ადამიანებს რა იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. 

რადიკალური ნაბიჯები სწორი მიმართულებით არის გამოსავალი, რომ ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდეს. ეს არჩევნები არ იქნება არჩევნები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეს იქნება არჩევნები სწრაფ განვითარებასა და ჭაობში დარჩენას შორის. 

                                                                                                               -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ კავკასიის" ეთერში.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება აუცილებელია რათა ადამიანებმა უფრო მეტი დოვლათი შექმნან. მისივე თქმით, ის რაც "გირჩს" სურს სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

შეგახსენებთ "გირჩის" პრიორიტეტებს:

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება
- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე
- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად
- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება
- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა

სასამართლო სისტემის რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments