სიახლეები

კარგი და ცუდი პოლიტიკოსები თუ კარგი და ცუდი პოლიტიკები?

მოცემული ადამიანის ხელისუფლების სათავეში ყოფნა კარგი იქნება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის კარგ პოლიტიკებს გაატარებს, და ცუდი იქნება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ცუდ პოლიტიკებს გაატარებს.

კარგი პოლიტიკა არის თავისუფლების ზრდის და სახელმწიფოს შემცირების პოლიტიკა, და ცუდი პოლიტიკა არის სახელმწიფოს ზრდის და თავისუფლების შემცირების პოლიტიკა.

იმ ამომრჩეველს, რომელიც პოლიტიკოსებს ემხრობა ან არ ემხრობა და არა - მათ მიერ გატარებულ პოლიტიკებს, როგორც წესი, მხოლოდ ზიანი მოაქვს სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის.

მაგალითად: ზვიად გამსახურდია მაგარი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარი იყო - მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების გაყრა რომ უნდოდა საქართველოდან და პრივატიზაცია-დერეგულაციას ეწინააღმდეგებოდა, იმაში.

ედუარდ შევარდნაძე მაგარი იყო, კრიმინალური ბანდების თარეში დაამთავრა - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარი იყო - მაგალითად, სოციალისტური ეკონომიკის მშენებლობა რომ გააგრძელა, იმაში.

მიხეილ სააკაშვილი მაგარი იყო - რეგულაციები გააუქმა და საბაზრო ეკონომიკის წყალობით ქვეყანა გაამდიდრა - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარი იყო - მაგალითად, მოსახლეობისთვის წართმეული გადასახადებით ბიუჯეტი რომ უზარმაზარი გახადა, ბიზნესს არეკეტებდა, და ომობანას თამაში რომ უყვარდა, იმაში.

ბიძინა ივანიშვილი მაგარია - სახელმწიფო ბიზნესმენებს ბიზნესებს აღარ "ახევს" და ციხეებში პატიმრებზე აღარ ძალადობენ - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარია - მაგალითად, გაზრდილი რეგულაციებით და გადასახადებით ხალხი რომ გააღატაკა და გაამათხოვრა, იმაში.

ბარაქ ობამა მაგარი იყო - ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ დაწყებული კატასტროფული ომები დაამთავრა - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარი იყო - მაგალითად, გაზრდილი სახელმწიფოთი თავისუფალი ბაზარი რომ მოახრჩო, იმაში.

დონალდ ტრამპი მაგარია - მავნებლურ რეგულაციებს აუქმებს - ამიტომ სხვა ყველაფერშიც მაგარია - მაგალითად, იმიგრაციას რომ ებრძვის და პროტექციონიზმს მხარს უჭერს, იმაში.

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკოსების მიერ გატარებულ პოლიტიკებს დაუჭირო ან არ დაუჭირო მხარი და არა - თავად მაგ პოლიტიკოსებს ნებისმიერ შემთხვევაში.

ის, რაც კარგი იყო გუშინ, დღეს ცუდად ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მას იმ ადამიანმა დაუჭირა მხარი, რომელიც შენ ცუდად მიგაჩნია. ის, რაც ცუდი იყო გუშინ, დღეს კარგად ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ რომ მას იმ ადამიანმა დაუჭირა მხარი, რომელიც შენ კარგად მიგაჩნია.

თუკი შენი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ იმის მიხედვით იცვლება, თუ რას ამბობს ამ მოვლენების შესახებ შენი ბელადი, მაშინ შენ მოვლენების არსი საერთოდ არ გესმის და აზროვნების შედეგად საკუთარი მსოფლმხედველობის შექმნის ნაცვლად, უბრალოდ, იქითკენ ტრიალდები, საითკენაც შენი წინამძღოლი წავა.

ეკონომიკური და/ან ინდივიდუალური თავისუფლება ან კარგია, ან - ცუდი, მაგრამ თუკი თავისუფლება კარგი იყო გუშინ, მაშინ ის კარგია დღესაც, და ეს ასეა იმავე მიზეზების გამო, რომელი მიზეზების გამოც ეს ასე იყო გუშინ. პრინციპების რაობა და ფასეულობა არ იცვლება - ადამიანები იცვლებიან.

შენ შეიძლება უკეთ გაერკვე რომელიმე პრინციპის არსში და აქედან გამომდინარე შეიცვალოს შენი დამოკიდებულება მისდამი, მაგრამ თუკი შენი ავტორიტეტი გუშინ ამბობდა, თავისუფლება კარგიაო და დღეს ამბობს - თავისუფლება ცუდიაო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თავისუფლებამ ბუნება იცვალა და კარგიდან ცუდად იქცა, არამედ იმას, რომ თავად შენი ავტორიტეტი შეიცვალა. და თუკი თავისუფლება მართლაც კარგია, მაშინ, გამოდის, შენი ავტორიტეტი შეცვლილა უარესობისკენ.

არ არსებობს თავისუფლებაზე უფრო დიდი სიკეთე და ფასეულობა. ყველა, ვინც გეუბნება, რომ რაღაც დიადი მიზნებისთვის თავისუფლების წინააღმდეგ უნდა წახვიდე და სხვა ადამიანებზე ძალადობას დაუჭირო მხარი, შენს მოტყუებას და შენს გამოყენებას ცდილობს, ან თავადაა მოტყუებული და გამოყენებული სხვა ადამიანების მიერ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად თანმიმდევრული და პრინციპულია მოცემული ადამიანი თავისუფლების მხარდაჭერაში, მით უფრო მეტად იმსახურებს ის შენს ნდობას, მაგრამ შენი ყურადღება არასდროს უნდა მოდუნდეს და არასდროს უნდა ჩათვალო, რომ რომელიმე ადამიანს ბრმად შეგიძლია მიენდო, რადგან აქამდე მას თავისუფლებისთვის არ უღალატია. არავინაა შეუმცდარი და არავინაა მოუსყიდავი.

როგორც არ უნდა გჯეროდეს ჩემი, ერთ დღეს მეც რომ გითხრა, თავისუფლება ცუდი ყოფილა და მონობა - კარგიო, ეს იმის ნიშანი კი არ იქნება, რომ თავისუფლებამ ბუნება იცვალა და სიკეთიდან ბოროტებად იქცა, არამედ იმის, რომ რატომღაც, მე შევიცვალე უარესობისკენ.

ყველაზე მთავარი ავტორიტეტი კი გარშემომყოფთა უმრავლესობა და მის მიერ შექმნილი სტატუს ქვოა. ადამიანების დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ შეუძლია არსებული სტატუს ქვოს ყუთის გარეთ აზროვნება და ამიტომ, ყველა მოსაზრებას, რომელიც ამ ყუთის შიგნითაა, მართებულად და მისაღებად მიიჩნევს, ხოლო ყველა მოსაზრებას, რომელიც ამ ყუთის გარეთაა, არამართებულად და მიუღებლად აღიქვამს.

აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ რაიმე სხვა პრინციპი, რითაც სიკეთეს და ბოროტებას ერთმანეთისგან გაარჩევენ, გარდა იმ პრინციპისა, რომ ყველაფერი, რაც სტატუს ქვოს ყუთშია, ანუ, როგორც მათ გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, ა პრიორი სიკეთეა, და ყველაფერი, რაც სტატუს ქვოს ყუთში არ არის, ანუ, როგორც მათ გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა არ ფიქრობს, ა პრიორი ბოროტებაა.

სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებისთვის არც ლოგიკური არგუმენტებით რაიმეს ახსნის და მათი გადარწმუნების მცდელობას აქვს აზრი. ლოგიკური აზროვნება არ არის ის კრიტერიუმი, რითაც ისინი სიკეთეს და ბოროტებას ერთმანეთისგან არჩევენ.

გარშემომყოფთა აზრი არის უზარმაზარი ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აიძულებს, რომ არა დამოუკიდებლად, არამედ სხვა ადამიანებივით იფიქროს. მიაქციეთ ყურადღება, რომ მე ხალხის უმრავლესობაზე კი არა, არამედ - გარშემომყოფთა უმრავლესობაზე ვლაპარაკობ. შენ გარშემო მყოფი ადამიანები, შესაძლოა, სულაც არ იყვნენ, ზოგადად, უმრავლესობაში.

რასაც მე ვამბობ, შენთვის, შესაძლოა, ძნელი დასაჯერებლია: ავტორიტეტის დეფინიცია ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ ის სწორი გგონია ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, დღეს იმის დიამეტრულად საწინააღმდეგო რამეს ამბობდეს, რასაც გუშინ ამბობდა. იქნებ, სწორედ ამიტომ არ უნდა გყავდეს ავტორიტეტები?

ავტორი: გიორგი ლომინაძე

Comments