სიახლეები

იმისთვის, რომ არ იყოს ივანიშვილი, ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება ხვალ - გიგი უგულავა

მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო პრობლემური და კიდევ უფრო მეტად ცინიკური გახდა, წუმპეში ჩავარდა. ფაქტია, რომ მარტო ხელისუფლების ცვლილება ამას ვერ გამოასწორებს.

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, მართლმსაჯულებისა და ძალოვანი სისტემის დანგრევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, რადგან ეს სისტემა რეალურად ისევ საბჭოთაა და საბოლოოდ ძალაუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. 

ამ სისტემამ გაგვრყვნა ყველა ჩვენგანი. ეს სისტემა საბოლოო ჯამში, ჭამს, მათ შორის, იმას, ვინც მის თავში იდგა სხვადასხვა დროს. ამიტომ მართლა უნდა დავანგრიოთ იგი, თუ გვინდა რამენაირად წინ წავიდეთ. 

- ამბობს უგულავა "მთავარის" ეთერში.

"ევროპული საართველოს" ლიდერი "გირჩის" ოფისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მუშაობა სისტემის დაშლის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია.
უგულავას თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ნდობა, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ამისთვის კი ძალოვან სტრუქტურებში არჩევითობის კომპონენტის შემოტანა ერთ-ერთი სწორი გზაა.

დავიძრათ იქითკენ, რომ შემოვიტანოთ პოლიციის არჩევითობა, პროკურორების არჩევითობა მსხვილ ოლქებზე, ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტი და ა.შ. ადამიანს თუ ვანდობთ იმას, რომ აირჩიოს პარლამენტი და ხელისუფლება, რომელიც ტოტალურად მის და ქვეყნის ბედს წყვეტს, რატომ ვერ გადაწყვეტს ის ადამიანი კონკრეტული ადამიანის ბედს, არის თუ არა დამნაშავე ადამიანი კვალიფიკაციის მიღმა. ეს ყველაფერი არის ის მსჯელობის საგანი, რომელიც ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, რა იქნება ივანიშვილის შემდეგ და იმისთვის, რომ არ იყოს ივანიშვილი, ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება ხვალ.

- განაცხადა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას გადაცემაში. 

იმავე თემაზე - იაგო ხვიჩიას პოზიცია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments