სიახლეები

494 Views
პოლიტიკა

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის მიმდინარე შეხვედრების შეფასებები

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ღია შეხვედრებს განაგრძობს.

პირველ შეხვედრაზე, ჯგუფის წევრებმა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ზოგადი წესები განიხილეს, მეორე შეხვედრა კი მართლმსაჯულების სისტემას, კონკრეტულად კი სასამართლოზე საუბარს დაეთმო.

პარტიებმა საკუთარი განსხვავებული ხედვები გამოხატეს, რომელთა დადებითი და უარყოფითი მხარეები დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილება.

იხილეთ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარები:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

"ახალი ფორმატია, პირველად ხდება, რომ ოპოზიციური პარტიები სხედან და საჯაროდ მსჯელობენ ასეთ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მგონია, რომ აუდიტორიაა შესაჩვევი, რაც ვნახე კითხვები და კომენტარები, ხალხი არ არის შეჩვეული ასეთი ტიპის დისკუსიაში ჩართვას... ამჯერად საუბარი იყო სასამართლო სისტემაზე. როგორ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა.. ყველა პარტიის ხედვები ჩამოვწერეთ და შემდეგი შეხვედრა ამ ხედვების განხილვას დაეთმობა." 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთადერთი მინუსი რომელსაც ჯერჯერობით ამ პროცესში ხედავს, არასაკმარისი გულწრფელობაა, რადგან პოლიტიკური პარტიები არ არიან მიჩვეული, მსგავსი საუბრების საჯაროობას.

ანზორ ბიწაძე ("ერთიანი საქართველო"):

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რაც არ უნდა ჩასაფრებულის პოზიციიდან უყურებდნენ პროცესებს ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერები, ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსია ამ ერთად შეკრებილ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ამ საკითხებზე მსჯელობენ. ამიტომ ეს იძლევა იმედს, რომ ქვეყანაში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები შეიძლება განხორციელდეს, მაქსიმალურად ეფექტურად და კარგად.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მასპინძელ პარტიას, ჩვენი სამუშაო ჯგუფის აქ ყოფნა არის პროდუქტიული და ნაყოფიერი. ის, რომ რადიკალურად განსხვავებული პარტიები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად მსჯელობენ, ეს ახალი სიტყვაა ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.
საუბარი იყო სასამართლო რეფორმაზე. იცით, რომ ეს ყბადაღებული თემაა. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც თავისი გამარჯვების ეტაპზე არ ჰპირდებოდა ხალხს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ შეიძლება მივიღოთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო".

გიგი უგულავა ("ევროპული საქართველო"):

"ხალხმა უნდა იცოდეს, რა ეშველება მართლმსაჯულებას, განათლებას და სხვა საკითხებს ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით, ძალიან განსხვავებული აზრები არსებობს. თუ ჩვენ, პოლიტიკური ოპოზიცია, პრინციპების დონეზე ამას შევაჯერებთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ხედვა არის ის, რომ პრაქტიკულად მესამე მთავრობას ვიცვლით იმ დაპირებით, რომ მართლმსაჯულება იქნება დამოუკიდებელი და სულ უფრო დამოკიდებული ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ, აქ არის საუბარი იმ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობას.

ერთ-ერთი არის პროკურორების არჩევითობა, მეორე არის უზენაესში უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რომლებიც სტანდარტებს დაადგენენ, რაც იქნება სახელმძღვანელო დანარჩენი მოსამართლეებისთვის. მათი მანიპულირება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გაცილებით რთულია, მათ შორის პროკურატურის ფუნქციების დაშლა-განაწილება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყველა ეპოქის ძალადობის ინსტრუმენტი, რაც ჩვენ შეგვრჩა კომუნისტური ეპოქიდან - აქაც საუბარი გვაქვს, რომ იყოს როგორც ამერიკაში, შერიფებს ირჩევენ. შეიძლება, რაიონების ან ოლქების მიხედვით არჩევა. აი ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ“.

ლაშა ჩხარტიშვილი ("ლეიბორისტული პარტია"): 

"ყველაფერი დამოკიდებულია სამართლიან სასამართლოზე. სადაც არ არის კარგი სასამართლო - არ არის არც კეთილდღეობა, არც განვითარება, არც დემოკრატია და არაფერი. აქედან გამომდინარე, სასამართლო უნდა იყოს ხერხემალი სახელმწიფოსთვის, თუმცა ჩვენ ჯერ არ გვიცხოვრია ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო. იმიტომ, რომ ის მთლიანად დანამატს წარმოადგენდა ხოლმე ერთი ადამიანის ან კონკრეტული ხელისუფლების. ის მთლიანად ამ ერთპიროვნული, ავტორიტარული სისტემის განუყოფელი ნაწილი და სადამსჯელო მექანიზმი იყო ძირითადად.

ჩვენ ახლა ამ ინიციატივის ირგვლივ, ვცდილობთ შევქმნათ ახალი სისტემა სამომავლოდ, რომელიც ერთ ადამიანს აღარ ჩაუგდებს ხელში მთლიან მართლმსაჯულების სისტემას. იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ბევრი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული. ამ კუთხით, არჩევითობა ის პრინციპია, რომელსაც ჩვენ, ლეიბორისტები, დიდი ხანია ვაყენებთ დღის წესრიგში. აქ მონაწილე პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ იდეას, ზოგი უფრო მეტი არჩევითობის მომხრეა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ იდეაზე ყველა ვთანხმდებით.

სხვა მექანიზმებზეც ვმსჯელობთ, მაგრამ სხვადასხვა მიდგომებმა მთლიანობაში უნდა ამოგვცეს ის, რომ  მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

იმედი მაქვს, რომ პროპორციული ან მასთან მიახლოებული არჩევნები გვექნება და ეს შეთანხმება, რომელიც აქ შედგება, უფრო მეტი შანსია, რომ რეალიზებული იყოს ცხოვრებაში. ადამიანებს ჰქონდეთ რეალური იმედი, რომ იპოვიან სამართალს სასამართლოში.რაც აქამდე არ ჰქონიათ".

ხატია დეკანოიძე ("ნაციონალური მოძრაობა") :  

"ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფორმატია. ნაციონალური მოძრაობა თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციის ამ სამუშაო ჯგუფის აქტივობაში. მე და თიკა ბოკუჩავა გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დანარჩენ ოპოზიციასთან მუშაობას. 

ამ ტიპის ღია შეხვედრები მნიშვნელოვანია  დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც და ცხადია, ამას მივესალმები.

საუბარი იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, რიგ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მგონია, რომ საბოლოოდ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, დამოუკიდებელი სასამართლო.

შეხვედრები გაგრძელდება, შემდეგი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემებია პროკურატურისა და პოლიციის დეცენტრალიზაცია".

- ამბობს ხატია დეკანოიძე "გირჩის" ნიუსსააგენტოსთან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ორპუნქტიან გეგმაზე თანამშრომლობს, რომელიც სისტემის დაშლას, დეცენტრალიზებულ  ძალოვან სტრუქტურებსა და რესტიტუციას (მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას) გულისხმობს.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა "გირჩის" ოფისში ხვალ გაიმართება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments