სიახლეები

ჩემი ჭეშმარიტი თავისუფლება

ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად ცვალებად სამყაროში, რომელშიც იცვლება პრიორიტეტები, მოთხოვნილებები, ღირებულებები, ტენდენციები. დღევანდელ მსოფლიოში კი, სამწუხარო ტენდენციად იქცა ადამიანების მიერ თავისივე თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა. ხშირ შემთხვევაში, ეს „კეთილშობილურ“ მიზნებს ემსახურება და მასების მიერ გაუაზრებლობის ხარჯზე მიიღწევა.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ჩვენს რეალობაში, არის ამ ბოლო პერიოდში შექმნილი პრეცედენტი, როდესაც  ადამიანი დასაჯეს (ჯარიმის სახით), იმის გამო, რომ მან მეორე ადამიანს „პიდარასტი“ უწოდა. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ფსევდო ლიბერალურ ნაწილში, „სამართლიანობის აღდგენად“ შეფასდა, ხოლო ადამინების იმ ნაწილში, რომლებიც თავის თავს კონსერვატორებს უწოდებენ, უკმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო  „არატრადიციული ორიენტაციის“ მქონე ადამიანის დამცველად მოგვევლინა და საბოლოოდ ყველაფერი „ლიბერასტიას“ დააბრალეს. სამწუხაროდ ამ ორი ფლანგიდან ვერც ერთი ვერ იაზრებს იმას, რომ რეალური პრობლემა, ამ უშინაარსო კამათისას, დაიკარგა - ამ პრობლემას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჰქვია.

ძალიან საშიში პრეცედენტია, როდესაც საზოგადოება თმობს ბრძოლის შედეგად მიღებულ მონაპოვარს და თავისი ხელით აძლევს სახელმწიფოს საკმაოდ საშიშ იარაღს. თუკი თქვენ მკითხავთ, ამ ერთი შემთხვევით როგორ შეიძლება თავისუფლება დავკარგოთ? მე გიპასუხებთ შოტლანდიელი ფილოსოფოსის, დევიდ იუმის სიტყვებით:

 თავისუფლება, რაც არ უნდა იყოს, როგორც წესი, თანდათანობით იკარგება.

შესაბამისად, ჩვენი თავისუფლების პატარა კუნძულების დათმობით, საბოლოო ჯამში, ცუდ შედეგს მივიღებთ და ეს უნდა გვესმოდეს.

გვინდა თუ არა თავისუფლება?

ეს კითხვა რომ დავუსვათ ადამინებს, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა გვიპასუხებს - დიახ! მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ ესმის ამ ხალხს თავისუფლება. ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, თავისუფლებაზე წარმოდგენა საკმაოდ დამახინჯებულია.
ამ ფონზე მიჩნდება მეორე შეკითხვა, რომელიც მინდა, რომ საკუთარ თავსაც დაუსვათ.

ვართ თუ არა თავისუფლები დღეს? 

სამწუხაროდ, ამ კითხვაზეც ბევრი გვიპასუხებს - დიახ! როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი არც თუ ისე სახარბიელო წარსულის გამო. თუ თქვენც ასე თვლით, მე გეტყვით, რომ ცდებით.

მაშ როგორია ნამდვილი თავისუფლება? - მკითხავთ თქვენ

მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა.
დღეს ჩემს თავისუფლებას ჰყავს ორი მოძალადე, ეს არის რუსეთი და სახელმწიფო სისტემა, რომელსაც სხვადასხვა მთავრობები წარმოადგენენ. პირველი არის გარე მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და შესაბამისად მიზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას, იტაცებს, ფიზიკურად ძალადობს და კლავს ჩემს თანამოქალაქეებს, არ აძლევს ჩემს ქვეყანას განვითარების საშუალებას. მეორე კი - ყოველდღიურად ერევა ჩემს ცხოვრებაში და მუდმივად ცდილობს შემზღუდოს.

ამას აკეთებს, როდესაც აზის ბოლშევიკების მიერ ქართველი ხალხისთვის წართმეულ საკუთრებას და არც კი ცდილობს დაუბრუნოს ის უკან ხალხს;

ამას აკეთებს მაშინ, როდესაც მიკრძალავს ჩემი კერძო საკუთრების განკარგვის უფლებას ისე, როგორც მე მინდა;

ამას აკეთებს, როდესაც გადასახადების საშუალებით, მართმევს ჩემ მიერ, შრომით მიღებული შემოსავლის მესამედს;

ამას აკეთებს, როდესაც მიკრძალავს საკუთარი თავის დაცვის უფლებას;

ამას აკეთებს, როდესაც მიწყვეტს, თუ რა ფერის ტაქსით უნდა ვიმგზავრო; მიწყვეტს, თუ  როგორ და რაში უნდა დავხარჯო ჩემი ფული; მიწყვეტს, თუ რა უნდა ვისწავლო და  ვასწავლო ჩემს შვილებს;

მიკრძალავს შეცდომების დაშვების საშუალებას, რომლითაც ვსწავლობთ და ვვითარდებით;

სამშობლოს წინაშე მოვალეობის მოხდის მოტივით, მაყენებს "ვიშკაზე" და მართმევს ჩემი ცხოვრების 1 წელს;

ჩემზე ზრუნვის მოტივით მიძვირებს ცხოვრებას და მუდმივად გაიძახის, რომ მზად არ ვარ თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ,როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში ამ ძალადობას უკვეთავს თავად ხალხი.

თუ შევძლებთ ამ მოცემულობის გააზრებას, მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას. ზუსტად ამ ჭეშმარიტი თავისუფლების, იდეალების დამკვიდრებას თავის დროზე ცდილობდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა:

სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავად გადაიქცევა, მიღწევა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მისი სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების დაცულობა, თანასწორობა და ჰარმონია.

აღსანიშნავია, რომ ასევე ილია, კერძო საკუთრების იდეის უპირობო დამცველი იყო და მიაჩნდა, რომ ყველაფერი რაც კერძო საკუთრებაშია, უფრო დიდ სიკეთეს ქმნის, ვიდრე საზოგადო საკუთრებაში მყოფი. 

"ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს".

ილიას ძალადობად მიაჩნდა ადამიანებისთვის კერძო საკუთრების განკარგვის უფლების ჩამორთმევა. იგი ამბობდა:

თუმცა მიწის პატრონს ამ შემთხვევაში სასყიდელი ეძლევა, მაგრამ მაინც ეს ამბავი კერძო უფლების ზღუდეთა შერღვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან აქ საკუთრების დათმობა იძულებულია, ძალაუნებური და არა ნებაყოფილობითი მოსაკუთრის მხრით.

ჩემს ჭეშმარიტ თავისუფლებას თან მოჰყვება პასუხისმგებლობა, რომლეიც ასევე გასააზრებელია. როდესაც მე მაქვს არჩევანის და მოქმედების თავისუფლება, მოვიხმარო ნარკოტიკული საშუალებები ან თუნდაც, ვითამაშო კაზინოში, ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებზე ან ზიანზე, რომელსაც მე მივაყენებ საკუთარ თავს, პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ მე და შესაბამისად ჩემი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო, არ უნდა ვითხოვდე სხვა ადამიანების უფლებების შეზღუდვას.

ჩემს თავისუფლება ასე აქვს საზღვარი, იგი მთავრდება ზუსტად იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება.
დიახ მეგობრებო, თავისუფლება საკმაოდ რთული რამაა, მაგრამ როგორც ერთი „გამოჩენილი, ფრანციის“ ეკონომისტი, ფრედერიკ ბასტია ამბობდა:

თავისუფლების და პასუხისმგებლობის გარეშე საზოგადოება ვერ დაიმუხტება დიდი შემოქმედებითი ენერგიით.ეს მისი არსებობის ბუნებრივი პირობებია. სწორედ ამ პრინციპთან უნდა მოვიდეს ჰარმონიაში საზოგადოებრივი ცხოვრების წესები და კანონები...

კიდევ ერთხელ გკითხავთ.

ვართ კი დღეს თავისუფალნი?

ავტორი: საბა ყაველაშვილი

Comments