სიახლეები

გირჩი და კორონავირუსი

კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წლის დასაწყისში გასაგები გახდა, რომ საქმე სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს. იანვარში უკვე პირველი დადასტურებული მსხვერპლიც დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ჩინეთის მთავრობამ (სავარაუდოდ, უიმედო მცდელობაში, ვირუსის გავრცელება გააჩერონ და ამით დამალონ ამ ვირუსის ვუჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის ფაქტი) კარანტინსა და სხვა რადიკალურ ზომებს მიმართა.

თებერვალში ვირუსი უკვე ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და ამასთან ერთად პირველი მეცნიერული ნაშრომები დაიწერა, სადაც ამ ვირუსის სპეციფიკა იყო აღწერილი. იტალიის ტრაგედია რომ დატრიალდა, მალევე ამის მიზეზებიც დადგინდა. მარტში, როცა ეპიდემია პანდემიად იქცა, უკვე ინფორმაციის დიდი მასივი იყო დაგროვებული, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ ამ ახალი საფრთხისგან. ამგვარი კვლევები ქართულ მედია და აკადემიურ სივრცეშიც იყო გავრცელებული (იხ. 1, 2, 3), თუმცა მთავრობა საჯაროდ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და „ინფორმაციის დეფიციტით“ დღემდე ამართლებს უამრავ იმ დაუსაბუთებელ შეზღუდვას, რომლის მსხვერპლი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გახდა.

პირველი ასეთი შეზღუდვა - იტალიიდან ჩამოსული ადამიანების იძულებით კარანტინში გადაყვანა გახდა. ფაქტიურად, სასამართლოს გარეშე ადამიანები ციხეში გავუშვით მხოლოდ იმიტომ, რომ „იტალიიდან ჩამოვიდნენ“. რამდენადაც შიში იზრდებოდა, პირდაპირპროპორციულად მცირდებოდა ადამიანების უნარი კრიტიკულად შეეფასებინათ მთავრობების გადაწყვეტილებები. საღი აზრი დავიწყებული იქნა და მათ მიმართ, ვინც კითხვებს სვამდა და ადეკვატურობისკენ მოუწოდებდა, ადამიანები უნახავ აგრესიას გამოხატავდნენ.

ჯერ კიდევ 29 თებერვალს იაგომ პოსტი დაწერა, სადაც სავალდებულო კარანტინის ამორალურობაზე მიუთითა. ამ პოსტის კომენტარები იმის კარგი ილუსტრაცია, თუ რამდენად დაშინებული იყვნენ უკვე იმ პერიოდში ადამიანები. ბევრმა მოგვიანებით შეცვალა პოზიცია, ზოგმა ბოდიშიც კი მოიხადა, თუმცა ამ პოსტის ქვეშ ლანძღვა-გინება ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია.

იმ დროს ისიც გასაგები გახდა, რომ მთავრობა ამ ყველაფერს ძალაუფლების გაფართოვებისა და არჩევნების მოსაგებად გამოიყენებს, თუმცა მთელი დანარჩენი ოპოზიცია დაბრმავდა და მთავრობის ქება-დიდებაზე გადაერთო - იმ მთავრობის, რომელსაც „რუსებს“ ეძახის. მალევე ამ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ისევ, მთელი ოპოზიცია, ჩვენს გარდა, ამას მიესალმებოდა, რადგან დაშინებული ხალხის წინააღმდეგ წასვლა თვითონაც ეშინოდათ.

მიუხედავად სერიოზული საფრთხისა, ისიც გასაგები იყო, რომ ადამიანების გამოკეტვა და მათთვის მუშაობის აკრძალვა, ვერ იქნება გამოსავალი, მათ შორის იმიტომ, რომ თვითონ ამ შეზღუდვებს მოჰყვება მსხვერპლი. ასეთი რეგულაციები მაშინვე გავაპროტესტეთ, თუმცა დაშინებულ საზოგადოებაში საღად მოაზროვნე ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდა. აქციას მაშინაც ვმართავდით, როცა სახლიდან გამოსვლა იყო შეუძლებელი. 9 ივნისს კანცელარიის წინ სპორტდარბაზების ჩაკეტვა გავაპროტესტეთ - ერთ-ერთი ყველაზე კომიკური შეზღუდვა, რომელიც მაგ პერიოდში იყო შემოღებული, ალბათ, მძღოლთან წინ ჯდომის აკრძალვის შემდეგ.

გირჩი ერთადერთი პარტია აღმოჩნდა, რომელმაც ეკლესიის მხარე დაიჭირა, როცა დაშინებული ხალხი ზიარების და წირვის აკრძალვას ითხოვდა. ვახო მეგრელიშვილი თვითონაც დაესწრო აღდგომის წირვას.

გირჩი იყო ერთადერთი პარტია, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის ჩაკეტვას აპროტესტებდა. ჩაკეტვას, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რამდენიმე ადამიანს კოვიდი დაუდასტურდა.

ზოგადად, ჩვენ კარანტინის წინააღმდეგი ვიყავით, როგორც მორალური, ასევე უტილიტარული პოზიციებიდან გამომდინარე, ამის ნაცვლად ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას და რეგულაციების შეჩერებას ვითხოვდით, რათა საქმის კეთება მაქსიმალურად გამარტივებულიყო.

ჩვენ ამ პოზიციას მათ შორის მაშინაც ვიცავდით, როცა კორონაისტერიამ მსოფლიო მასშტაბი მიიღო. იმედი გვქონდა, რომ უმუშევრობა და სწრაფი გაღარიბება ხალხს გამოაფხიზლებს, თუმცა მალე ცხადი გახდა, რომ პროპაგანდა ისეთი ძლიერია, რომ ბევრი ადამიანი უფლებების შეზღუდვასაც შეეგუა, შემოსავლების დაცემასა და ნორმალური ცხოვრების წესრიგის გაქრობასაც.

იქ, სადაც მთავრობა პოლიციელებს გმირებად აცხადებდა, ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევას და ტირანიას ვხედავდით.

არჩევნები ახლოვდებოდა, ცხადი იყო, რომ ადამიანების ხელოვნურად გაღარიბება მათ შემდგომ მოსყიდვას გაამარტივებდა. მაშინ ოპოზიციას რომ აეხილა თვალები, არჩევნების შედეგები მეტად მოეწონებოდა.

ჩვენ კოვიდ-შეზღუდვები საკონსტიტუციოში გავასაჩივრეთ, სადაც პაატა იმნაძის და მთავრობის წარმომადგენლების უტიფრობა და უკიდურესი არაკომპეტენტურობა ვიხილეთ. თუმცა ჩვენი მთავრობასთან ეს ბრძოლა მედიაში არავის აინტერესებდა, რადგან მედიაშიც იგივე ისტერია იყო მოწყობილი, როგორც მთელ ქვეყანაში. თუმცა არა, იგივე არა. ბევრად უფრო დიდი.

შემოდგომისკენ საარჩევნო კამპანია დაიწყო და მის ფარგლებში რამდენიმე ბარი საარჩევნო შტაბად ვაქციეთ, რითაც მათ მუშაობის შესაძლებლობა მივეცით. ბათუმში ბარებს იაგო იცავდა, თბილისში - ნაწილს ზურა და მისი თანამშრომლები, MacLarens კი სანდრო, ოფისის სტაფი და რამდენიმე მხარდამჭერი. მიუხედავად რამდენიმე ექსცესისა, ბათუმის ბარები და MacLarens წარმატებით აგრძელებდა მუშაობა არჩევნებამდე.

პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნების წინ კოვიდი ოდნავ დაივიწყეს, რათა მრავალათასიანი მიტინგები მოეწყოთ. მთავრობის ლოგიკით, ასეთი მიტინგები პრობლემას არ წარმოადგენდა, იმ ერთი ინფიცირებულისგან განსხვავებით, რომლის გამო ბოლნისი და მარნეული ჩაკეტეს.

2021 წლისთვის მთავარი აქცენტი ვაქცინებზე გაკეთდა და აქ საზოგადოების ყველაზე ბნელი ნაწილი განსაკუთრებით გააქტიურდა. დაშინებულები, ისინი ყველას იძულებით აცრას და ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებას ითხოვდა.

ახლა, როცა ცნობილი და აღიარებულია, რომ ვაქცინაცია არ ამცირებს ვირუსის გავრცელებას, ამ თემაზე მსჯელობა მარტივია. თუმცა მაშინ ხალხს ჯანმოსა და მთავრობების პროპაგანდის სჯეროდა (არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში), და ეგონათ, რომ მწვანე პასპორტები გაზრდიდა მათ დაცულობას. ის, რომ ვაქცინაციაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია თავისი ბუნებით ფაშიზმია, დაშინებული ადამიანებს დაავიწყდა. საბედნიეროდ, ეს გაუგებრობა ჩვენ ქვეყანაში დიდხანს არ მოქმედებდა, თუმცა ამ პერიოდში ჩვენ მხოლოდ იმ რესტორნებში დავდიოდით, რომლებიც მწვანე პასპორტს არ გვთხოვდა (ჩვენ დემონსტრაციულად არ ვიყენებდით მწვანე პასპორტს, რომელიც ნაწილს გვქონდა კიდეც, რათა ეს არაადამიანური პრაქტიკა გაგვეპროტესტებინა).

2021 წლის ბოლოსკენ შეზღუდვები და კორონას მიმართ შიში შემცირდა, გაჩნდა შანსი ამ თემაზე და იმ გამოვლილ მარაზმზე კრიტიკული დისკუსია დაწყებულიყო, თუმცა 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა კორონა მედია სივრციდან მსოფლიო მასშტაბით გააქრო. ამის გამო არავინ მიაქცია ყურადღება, რომ „ღამურას ვერსია“ ტყუილი აღმოჩნდა, არც ის, რომ ვაქცინები არასდროს დატესტილა „ვირუსის გავრცელების პრევენციაზე“ - არადა, მწვანე პასპორტები ზუსტად ამ ტყუილზე დაყრდნობით იყო შემოღებული, ყველას დაავიწყდა ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც არა ვირუსმა, არამედ მთავრობების ქმედებებმა გამოიწვია, ისიც კი დაავიწყდა ხალხს, რომ ვირუსის სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით გაყალბებული აღმოჩნა, რადგან კოვიდით გარდაცვლილებს და კოვიდის გამო გარდაცვლილებს არ არჩევდნენ ერთმანეთისგან (ამის გამო, ავარიაში დაღუპული ადამიანი კოვიდის სტატისტიკაში ხვდებოდა, თუ ის კოვიდ-დედებითი აღმოჩნდებოდა). სიკვდილიანობის მასშტაბიც ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე გვეუბნებოდნენ. იმედია, ოდესმე ეს და უამრავი სხვა საკითხი განხილვის თემა გახდება, და ბევრი ადამიანი დაინახავს იმ კატასტროფას, რაც მთავრობებმა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოაწყეს. ზარალს ეს არ აგვინაზღაურებს, თუმცა შანს მოგვცემს, რომ მომავალში ასეთი ისტორია აღარ განმეორდეს.

რას იზამდა გირჩი, ის რომ მთავრობაში ყოფილიყო?

ჩვენ რომ 2019 წელს მთავრობაში აღმოვჩენილიყავით, პანდემიას ბევრი განსხვავებულ სფეროში სულ სხვა გარემოში დავხვდებოდით, მათ შორის სასამართლო სისტემის ნაწილში, რომელსაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის განსაკუთრებული ვალდებულება უჩნდება. ამიტომ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს, უფრო მკაცრს თუ ნაკლებად შემზღუდველს, შესაძლებლობა ექნებოდა თავისი ინტერესები სასამართლოში დაეცვათ.

პრაქტიკულ ჭრილში ჩვენი მთავრი მიზანი ადამიანების უფლებების დაცვა იქნებოდა. ჩვენი აზრით, მთავრობა ასეთ სიტუაციაში ვალდებულია რისკები შეამციროს მხოლოდ იმ გზით, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას არ გამოიწვევს.

უშუალოდ ჯანდაცვის ნაწილში კი ჩვენი მიდგომები იქნებოდა: ა) რისკ-ჯგუფების მაქსიმალური დაცვა და იმ ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, ვისაც დამოუკიდებლად არ შეეძლო მოხუცების იზოლირება, ბ) მოსახლეობის ინფორმირება ვირუსის ინფიცირებისგან თავდაცვის ეფექტიან მექანიზმებზე. ჩვენ ასევე მხარს არ დავუჭერდით შემზღუდველ და ამკრძალავ ღონისძიებას. დეტალურად, აღნიშნული მიდგომები, რომელიც სამედიცინო სფეროში ათწლეულების მანძილზე დაგროვებულ გამოცდილებას ეყრდნობა, ჩამოყალიბებულია ბერინგტონის დეკლარაციაში, რომელსაც მილიონამდე მხარდამჭერი ყავს, მათ შორის 60 000-ზე მეტი ექიმი და მეცნიერი, წამყვანი ვირუსოლოგების ჩათვლით. ეს დეკლარაცია 2020 წლის ოქტომბერში იყო მიღებული, როცა ამ ადამიანების ინდივიდუალური პოზიციები მთავრობებისა და ჯანმოს პროპაგანდით ფაქტობრივად დაბლოკილი აღმოჩნდა. პრაქტიკაში, ეს პრინციპები დიდწილად შვედეთში იყო რეალიზებული, რომელიც სიკვდილიანობით მსოფლიოში 49 ადგილზეა და სადაც ბევრად უკეთესი შედეგი დაფიქსირდა, ვიდრე განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეულ ქვეყნებში, როგორიცაა ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

სტატიის ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

Comments